ფინანსთა სამინისტროს მილიონერი ჩინოვნიკი ბიუჯეტიდან 300%-იან პრემიებს იღებს

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მაღალ პრემიებს იღებენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის პერიოდში პრემია ყოველთვიურად გაიცემოდა სააგენტოს გენერალურ დირექტორზე, მის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე, მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე.

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მათზე ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50% -დან 367% – მდე შეადგენდა.

მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელების მხრიდან კანონდარღვევებზე მედიაც არაერთხელ წერდა, რომელმაც სააგენტოს ხელმძღვალი ზურაბ ახალკაციშვილი ნეპოტიზმში, ხოლო მისი მოადგილე გელა ხანიშვილი ბიუჯეტიდან მილიონების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხილა. ამ ფაქტებს ახლა უკვე სახელმწიფო აუდტის სამსახურის ანგარიში ოფიციალურად ადასტურებს.

მედიის ზეწოლას ვერ გაუძლო სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა და თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა თანამდებობაზე რჩება მისი მოადგილე გელა ხანიშვილი.

უნდა დადგეს თუ არა ახალკაციშვილთან ერთად გელა ხანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც არაერთ კანონდარღვევაშია ბრალდებული მედიის და ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან.

გელა ხანიშვილს, რომელიც თავად მილიონებს მევახშეობით შოულობს, ბიუჯეტის მილიონებსაც განკარგავს და მეტიც, მაღალ პრემიებსაც იღებს. შეგახსენებთ, ხანიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა “ქამრების შემოჭერის” პროცესში 4,7 მილიონად ავტომობილების შეძენა წლის დასაწყისში.

ნეპოტიზმის, პრემიებისა და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვის გარდა, აუდიტის სამსახურისთვის საეჭვო სააგენტოს ხელმძღვანელების სარესტორნო მომსახურების ხარჯებიც გახდა.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება სარესტორნო მომსახურებაზე სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების უმრავლესობა.

“კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელია მოწვეული სტუმრების იდენტიფიცირება და ზოგ შემთხვევაში – რაოდენობა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტორების შეფასებით, სატანსპორტო მომსახურების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით გაურკვეველია, რომელი დოკუმენტის აღსრულების (დადგენილება, განჩინება, გადაწყვეტილება ან სხვა) საფუძველზე განხორციელდა ქონების გადაზიდვა.

 

წყარო: commersant.ge

banner
წინა სტატიაშინეპალიდან ევაკუაციის მსურველ ქართველებს დახმარებას ინდოეთსა და ნეპალში საქართველოს საელჩო აღმოუჩენს
შემდეგი სტატიარამზან კადიროვი: პუტინს 20-ჯერ ვთხოვე გამანთავისუფლოს