ფეხბურთის ფედერაციასთან მისულ რამდენიმე უბილეთო გულშემატკივარს რევაზ არველაძე შეხვდა

ფეხბურთის ფედერაციასთან მისულ რამდენიმე უბილეთო უკმაყოფილო გულშემატკივარს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი შეხვდა.
შეხვედრა რევაზ არველაძესა და აქციის მონაწილეებს შორის ფედერაციის გარეთ გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უბილეთო გულშემატკივრებმა განაცხადეს, რევაზ არველაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფედერაცია ბილეთების ალტერნატიულ მეთოდზე უკვე მუშაობს. უბილეთო გულშემატკივრების თქმით, არველაძემ მათ განუცხადა, რომ ისინი პასუხს უეფადან ელოდებიან.
“არველაძემ გვითხრა, რომ მათ აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც სალაროებში სხვადასხვა ფასიანი ბილეთები სხვადასხვა დღეს გაიყიდება. უბრალოდ საჭიროა ამ გეგმის უეფასთან შეთანხმება. არველაძემ ისიც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ისინი უეფასგან პასუხს ელოდებიან”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა თავაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ფედერაციას ბილეთების გაყიდვის პროცედურებზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ბილეტები.გე-მ არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი უმოქმედობა და ის, რომ ბილეთების გაყიდვა არ შეუძლია.
ბილეთების შეძენის მსურველებთან შეხვედრის შემდეგ რევაზ არველაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის თამაშის ბილეთების ონლაინ გაყიდვები 21.30 საათზე დასრულდება
შემდეგი სტატიასასწრაფოდ:ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული პატარა ფოთში აკაკი ხურცილავა დააკავეს