,,ფეშმერგა,, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ

,,ფეშმერგა,, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ

,,ფეშმერგა,, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგსიტყვა ,,ფეშმერგა,, ჩვენში ბევრს შეიძლება არც სმენია… თუმცა ვისაც სმენია შეიძლება ყველამ არც იცოდეს მისი ზუსტი მნიშვნელობა. სავარაუდოდ ეს სიტყვა ჩვენი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება და მომავალში არაერთხელ გავიგონებთ, რადგან დღეისთვის ამ სახელის მატარებელი სამხედრო ორგანიზაცია ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევს ერაყში, ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს და მათ შემაკავებელ ძირითად ძალად მიიჩნევა ამ ქვეყანაში. ისლამისტებსა და ,,ფეშმერგას,, შორის დღემდი გამართული ყველა შეტაკება, განსაკუთრებით დრამატული, დაუნდობელი და მძაფრი ბრძოლებით გამოირჩეოდა .

როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, ამ შეტაკებების ტაქტიკა, სტრატეგია ორივე მხრიდან საინტერესოდ ვითარდებოდა და გავრცელებული იფორმაციით, შეტაკებების უმეტესობა ,,ფეშმერგას,, მეომრებმა მოიგეს… გასულ წელს მათ ისლამისტი მეომრებისაგან გაანთავისუფლეს სირიის საზღვართან მდებარე სტრატეგიული ქალაქი რაბია, ქალაქი ბიჯი თავისი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნით და დაიკავეს ერაყული არმიის მიერ მიტოვებული დიდი ქალაქი კირკუკი. თუმცა ერთი კვირის წინ, 9 იანვარს მომხდარი ბოლო შეტაკებაისას, როცა ჯიხადისტებმა ქალაქ მოსულის მახლობლად გუვერის დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის დასაცავად მდგარ ,,ფეშმერგას,, მეომრებზე თავდასხმა განახორციელეს, ,,ფეშმერგამ,, დიდი დანაკარგი განიცადა. თუმცა მათ მეორე დღესვე განდევნეს დასახლებიდან მოწინააღმდეგეები. რამდენიმე ერაყული ინტერნეტ საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტების ქართველი საველე მეთაური თარხან ბათირაშვილი, სწორედ ,,ფეშმერგასთან,, ბრძოლის დროს დაიღუპა. საინტერესოა ალბათ ვინ არიან ისინი და რას წარმოდგენს სამხედრო ორგანიზაცია ,,ფეშმერგა,,?

,,ფეშმერგა,, (ქურთულად ,,ფეშმერგე,,) ქურთების შეიარაღებული სამხედრო ფორმირებაა ერაყის ქურთისტანში. ის ქურთისტანში, ქურთების განმანთავისუფლებელ მოძრაობის დაწყებასთან ერთად 1890 წელს წარმოიქმნა. 1920 წელს ოსმანური იმპერიის დაშლის შემდეგ ეს ორგანიზაცია სამხედრო თვალსაზრისით უფრო განვითარდა და გაიზარდა. მეოცე საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს, ქურთმა მწერალმა იბრაგიმ ახმედმა, ამ სამხედრო ორგანიზაციას სახელი შეურჩია და მას ,,ფეშმერგე,, (რაც ქურთულ ენაზე ,,სიკვდილზე წამსველელს,, ნიშნავს) უწოდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველა ენაზე ქურთების ამ სამხედრო დაჯგუფებას ,,ფეშმერგას,, თავად ქურთები კი ,,ფეშმერგეს,, უწოდებენ.
,,ფეშმერგა,, საკმაოდ მდიდარი საბრძოლო ტრადიციებისა და გამოცდილების მქონე სამხედრო ორგანიზაციაა, რომელმაც 1914-19 წლებში ოსმანურ იმპერიასთან, 1946 წელს ირანთან, 1961-70 წლებში ერაყთან პირველი, 1974-75 წლებში ერაყთან მეორე, 1980-88 წლებში ირან-ერაყის, 1994-97 წლებში სამოქალაქო და 2003- წლიდან ერაყში სადამ ჰუსეინის მომხრეთა წინააღმდეგ ომები გამოიარა.

შეიარაღება უახლესი ტიპის არასდროს ჰქონდა ,,ფეშმერგას,, თუმცა იარაღის სინაკლებესაც არ განიცდიდა. ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული აშშ და დასავლეთი საკმაო მხარდაჭერას უწევდა მას და მთლიანად ქურთების ავტონომიას, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იყვნენ სადამ ჰუსეინის მიმართ მტრულად განწყობილი ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა ერაყში. ჰუსეინის წინააღმდეგ ომში, ნატოს და აშშ-ს მთავარი პარტნიორი, რომელმაც რეჟიმის სამხედრო გზით დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სწორედ ,,ფეშმერგა,, იყო. სანაცვლოდ მოკავშირეებმა, ჰუსეინის არმიის დამარცხების შემდეგ, მათი ნაალაფარი იარაღის უდიდესი ნაწილი სწორედ ,,ფეშმერგას,, გადასცეს. ხოლო თავად ქურთებმა, ერაყის ახალი კონსტიტუციით ისეთი ფარტო ავტონომია მიიღეს, რომ მათ თავიანთი სახელმწიფო ენის, ჯარის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ყოლის უფლება აქვთ, ხოლო ერაყულ არმიას ეკრძალება ქურტისტანში შესვლა. ფაქტიურად სახელმწიფო გახდნენ – სახელმწიფოს შიგნით. დღემდე აშშ-ს სარდლობასა და ,,ფეშმერგას,, შორის მაღალი დონის კონტაქტები შენარჩუნებულია, რაც მათთვის ჯიხადისტების წინააღმდეგ იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში მათი მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებისადმი საჰაერო დარტყმებს მიყენებაში გამოიხატება. ამ მომენტისათვის ,,ფეშმერგას,, 12 ქვეითი ბატალიონი ჰყავს (რომელთა პირადი შემადგენლობა 3 დან 5 ათასამდე მეომარია) და კიდევ ბატალიონები სპეცდანიშნულების ძალების, მძიმე არტილერიის, სატანკო, დამხმარე ძალების, თავდაცვის სამინისტროს შტაბი და აპარატი, რომელთა საერთო რაოდენობა 120 ათასამსდე მებრძოლია, რომელთა შორის ტრადიციულად ქალებიც არიან. ,,ფეშმერგას,, ხელშია რამდენიმე ასეული ტანკი, ათეულობით ქვემეხი, ათეულ ათასობით კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და შაშხანა, ასეულობით სამხედრო ჯიპი, ნაღმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები, სარაკეტო დანადგარები და სხვა იარაღია. ,,ფეშმერგას,, ამბიციური ხუთწლიანი პროგრამა ითვალისწინებს მისი პირადი შემადგენლობის 150 ათას კაცამდე გაზრდას. აღსანიშნავია, რომ მთლიანად ერაყის ქურთისტანის მოსახლეობა, რომლის უდიდესი უმრავლესობა სუნიტი მუსულმანია, მცირე ნაწილი იეზიდები და სულ მცირე კათოლიკე ქრისტიანები, ხუთნახევარ მილიონს აღწევს. ქურთისტანის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი, ,,ფეშმერგას,, რიგით მერვე მეთაური იყო. ამ გვარის წარმომადგენლები არიან ამ ორგანიზაციის პირველი, კიდევ რამდენიმე და ამჟამინდელი მეცამეტე მეთაურიც.

დღეის მდგომარეობით, ,,ფეშმერგა,, კვლავ განაგრძნობს ბოლო დროს უფრო გააქტიურებულ ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ბრძოლას. ფაქტიურად ის ერთადერთი ძალაა ერაყში რომელიც წინააღმდეგობას უწევს თავისი ავტონომიის ტერიტორიების გარეთ ჯიჰადისტებს. რაც შეეხება ერაყულ არმიას, ის ნაკლებად ბრძოლისუნარიანია და ძირითადად ბაღდადის გაკონტროლებითაა დაკავებული. ამ მომენტისთვის ,,ფეშმერგა,, ქურტისტანის გარშემო სასაზღვრო ქალაქების გამაგრებითა და თავიანთი დედაქალაქ ერბილის უსაფრთხოების გაძლიერებით არის დაკავებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჯიჰადისტები დღემდე ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს აკონტროლებენ, რომელიც ტერიტორიულად ერბილთან ახლოსაა. პარტიზანული ტაქტიკით და ხელსაყრელი ნისლიანი ამინდის გამოყენებით თავდასხმები, რომელსაც ჯიჰადისტები იყენებენ, ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია მათ ტერიტორიაზე. ამასწინათ, ,,ფეშმერგას,, ერთერთი მეთაურმა მახმუთ ახმედ გერდიმ პრესასთან საუბრისას განაცხადა: ,,ისლამური სახელმწიფო როდის და რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ჩვენ იარაღი არ გვაკლია და მძიმე შეიარაღებაც გვაქვს, მაგრამ აქ უმთავრესია გამბედაობა და თავგანწირვა. ჩვენ მზად ვართ თავგანწირვისათვის და სიკვდილზეც წავალთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი!,,

,,ფეშმერგას,, ისტორია და მისი სახელიც ამტკიცებს, რომ მის მებრძოლებს გამბედაობა და თავგანწირვა არ აკლიათ… თუმცა ამ ორი კომპონენტის სინაკლებეს, არც მათი მოწინააღმდეგე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები უჩივიან, ამიტომაც ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, ვინ ვის დაამარცხებს.

სპეციალურად თაიმერისთვის – კახაბერ ადამია

,,ფეშმერგა,, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ,,ფეშმერგა,, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ10934541_401140330046160_1267559557_n10935763_401141026712757_2141784672_o10936577_401139960046197_195266529_o10936814_401140536712806_1183968385_o10936932_401140810046112_1141157498_o10941772_401140290046164_1545397272_n10941991_401140413379485_1302617249_o10942318_401140143379512_697156985_o

banner
წინა სტატიაშიპარიზის დასავლეთში მდებარე ფოსტის განყოფილებაში შეჭრილი, ხელყუმბარითა და შაშხანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ორი პირი მძევლად აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა.
შემდეგი სტატიაულტიმატუმი!!!