ფატუ ბენსუდა: დანაშაულად მიგვაჩნია საქართველოს სამშვიდობო ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობოებზე იერიშის მიტანა

ჰააგის პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, მისმა ოფისმა 2008 წლის ომზე სხვადასხვა სანდო წყაროდან, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია შეკრიბა.

როგორც ბენსუდამ დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, დამოუკიდებელი და სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე და სისხლის სამართლის სასამართლოს სამართლებრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც ჩამოყალიბებულია რომის სტატუტში, მივიდა დასკვნამდე, რომ აგვისტოს ომზე გამოძიებაა საჭირო.

“2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ჩემმა სამსახურმა დაიწყო წინასწარი მოკვლევა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. მე, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორმა, მინდა დავიწყო ამ კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩემმა სამსახურმა შეკრიბა და გულდასმით გაანალიზა, სხვადასხვა სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი ხელისუფლებების ორგანოებიდან. ამ დამოუკიდებელი და სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე და სისხლის სამართლის სასამართლოს სამართლებრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც ჩამოყალიბებულია რომის სტატუტში, მე მივედი დასკვნამდე, რომ გამოძიება არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ამ კვირის დასაწყისში შუამდგომლობით მივმართე სისხლის სამართლის მოსამართლეს, მომცენ ნებართვა, რომ დავიწყო გამოძიება. ჩემმა სამსახურმა შეაგროვა ინფორმაცია იმ სავარაუდო დანაშაულებების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა მიერ. რომელიც გახლავთ სამხრეთ ოსეთის ძალები, რუსეთის შეიარაღებული ძალები და საქართველოს შეიარაღებული ძალები”, – განაცხადა ბენსუდამ.

ჰააგის პროკურორმა ყველას შეახსენა, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის რომის სტატუტის წევრია და შესაბამისად ჰააგას აქვს უფლება გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულებები, რომელიც ჩადენილია ნებისმიერი პიროვნების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად დამრღვევის მოქალაქეობისა.

“ჩვენ დავაფიქსირეთ ომის დანაშულებები და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშუალებები, რომელზეც სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომ გამოიძიოს. ვთქვით, რომ გვაქვს უფლება სისხლის სამართლის დევნა განვახორციელოთ შემდეგ ქმედებებზე: მკვლელობები, იძულებითი გაუჩინარება, და დევნა ეთნიკური ქართველებისა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა, ჩადენილი სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ, რომელშიც შესაძლოა მონაიწლეობას იღებდნენ რუსეთის ძალები. ჩვენი ვარაუდით, დაახლეობით 15 ათასამდე ეთნიკური ქართველი იქნა გამოძევებული, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ ოსეთში, მანამდე არსებული ქართველი მოსახლეობის 75%-ს. ეს ჩვენი აზრით წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. ცხადია, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. გარდა ამისა, შესაძლო ომის დანაშაულებად მიგვაჩნია საქართველოს სამშვიდობო ძალებზე, სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ შეტევის მიტანა და საქართველოს სამშვიდობო ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე იერიშის მიტანა”, – აღნიშნა ფატუ ბენსუდამ.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სასამართლო არის ერთადერთი ბოლო საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საქმეში ერთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, ან სურვილი, რომ ჭეშმარიტად გამოიძიოს ეს ქმედებები.

“ამჟამად, ჩვენი შეფასებით, სავარაუდო დანაშაულებები, რომელიც უკავშირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იძულებით გადასახლებას, ასევე ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ, არის დასაშვები. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება განიხილოს ამ ორი ტიპის დანაშაულები, ვინაიდან ამჟამად საქართველოში ეროვნული შიდასამართალწარმოება ამ ეტაპზე შეჩერებულია”, – აღნიშნა ბენსუდამ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი, შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად ჩამოვიდა. პროკურორი ვარაუდობს, რომ 2008 წელს ქვეყანაში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. ჰააგის პროკურორი საომარი მოქმედებების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას, “მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმას” მიიჩნევს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეებს, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით, თხოვნით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, რომ გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბერის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი: შეიძლება უკანონო დაკავებაზე ვუჩივლო კიდეც
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაძაბულობა