ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 31 მარტიდან ამოქმედდა.

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2015 წლის 31 მარტიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადღების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონი ძალაში სწორედ ამ დღიდან შედის.
აღნიშნული კანონის მიხედვით, ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო.
ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.
ფარული მოსმენების “გასაღების” საკითხი პარლამენტში ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის თემა იყო. მასთან დაკავშირებულ პროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება ორჯერ გამოიყენა – ერთხელ უარი უთხრა პარლამენტს კანონპროექტის მიღების რამდენიმე თვით გადავადებაზე, ხოლო მეორედ ხელი არ მოაწერა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს.
ფარული მოსმენების “გასაღებზე” მმართველ უმრავლესობაში ორი ერთმანეთის ალტერნატიული პროექტი მომზადდა. აქედან ერთის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, “რესპუბლიკელი” ვახტანგ ხმალაძე იყო, ხოლო მეორე ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნოდათ. პარლამენტმა “ქართულო ოცნების” მხარდაჭერით სწორედ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტი მიიღო, რომელიც, როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო მომზადებული.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ბინების განაწილების პროცესი აქციის ფონზე მინდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.