უჩა ნანუაშვილი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ატლანტიკური საბჭოს, კარნეგის მშვიდობის ცენტრისა და სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ.
მათივე განმარტებით, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ქვეყანაში პოზიტიურ ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს ასევე, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასა და საქართველოში შრომის უფლებების ეფექტურ რეალიზაციას.
“ამერიკის შეერთებული შტატებში დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, რის შესახებაც ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ”, – განაცხადა შეხვედრების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილის თქმით, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესმა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობამ და მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობამ საქართველოში.
“საქართველოში შრომის ინსპექციის გაუქმება არ შეესაბამება საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის აღდგენა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში შრომის უფლებების იმპლემენტაციზე ზედამხედველობა. ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახალხო დამცველის ჩართულობა”, – განაცხადა სოლიდარობის ცენტრის ევროპისა და შუა აზიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა რუდი პორტერმა.
სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიგონიოს მოსახლეობისა და არჩილ ხაბაძის დიალოგი ჩაიშალა
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს