უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება

ირინე იმერლიშვილ

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა სამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა. ეს საკითხები იყო სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და “საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტის” პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.
როგორც ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სხდომა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ძალიან დეტალურად განიხილეს საფრთხეების დოკუმენტი. მისივე თქმით, ხვალ უკვე უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოზე შეიკრიბება უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც იმუშავა ამ საკითხებზე და მისცემენ თანხმობას უშიშროების საბჭოს გავლის შემდეგ, რომ მთავრობასთან გაიგზავნოს დასამტკიცებლად.
“მოგეხსენებათ, ამ დოკუმენტს ამტკიცებს მთავრობა და იგი საიდუმლო დოკუმენტია. ის არის სამი წლით განსაზღვრული და 2015-2018 წლებით იქნება ეს დოკუმენტი განსაზღვრული”, – განაცხადა იმერლიშვილმა.
რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, მისი განმარტებით, უშიშროების საბჭოს წევრების ქვორუმი ნამდვილად განსაზღვრულია ორი მესამედით სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხზე. რაც შეეხება სამხედრო ძალების დამტკიცების საკითხს, როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე მოხსენება გააკეთეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ. როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო ძალების რაოდენობა დარჩება იგივე.
მისივე თქმით, დღეს ვინც ესწრებოდა სხდომას, ამ საკითხზე ყველანი დაეთანხმნენ, თუმცა მას, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, დაევალა ამ გადაწყვეტილების პროცედურულად გაფორმება. შესაბამისად, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი 11 წევრიდან 8 მოაწერს ხელს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ გადაეგზავნება პარლამენტს.

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი: პრემიერის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: დავთქვით, რომ, უახლოეს მომავალში შეხვედრას კიდევ გავმართავთ