,, უმჯობესია, პრემიერ-მინისტრმა უპირველესად მის გარემოცვას მისცეს შენიშვნები”

უმჯობესია, პრემიერ-მინისტრმა უპირველესად მის გარემოცვას მისცეს შენიშვნები, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ მესიჯებს აჟღერებს, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ივლიანე ხაინდრავამ “საზოგადოებრივი მაუწყებელის” ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებული საკითხის წამოწევა “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სპეკულაციის” შედეგია.
ივლიანე ხაინდრავას აზრით, “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები კითხვებს აჩენს, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს.
“ალბათ სჯობს, პრემიერმა პირველ ყოვლისა, თავის გარემოცვას მისცეს შენიშვნები, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო, ხანდახან გამომრიცხავ მესიჯებს აჟღერებს. გვაქვს ვითარება, როცა პრემიერი ამბობს, რომ არ იცის, რაზე საუბრობს ენერგეტიკის მინისტრი “გაზპრომის” ხელმძღვანელთან ბრიუსელში, ხოლო შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის თაობაზე საუბრობს სასწრაფოდ ბაქოში გაფრენილი პრემიერ-მინისტრი. ეს ბუნებრივია, იწვევს ლეგიტიმურ კითხვებს”, – განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის პოზიციას, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, აღნიშნული ფორმატი ყველაზე კომფორტული უნდა იყოს თავად აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის.
“ენერგოუსაფრთხოება ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ხოლო საქართველოს გავლით ენერგომატარებლების ტრანზიტი, ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური ფუნქციაა. ამდენად, სრულიად ლეგიტიმურია, ეს საკითხი შეტანილი იყოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში. პრეზიდენტი იმ ფორმატს სთავაზობს მთავრობას, რომელიც მისთვის ყველაზე უფრო მისაღები და კომფორტული უნდა იყოს. ამ საკითხის განხილვის საჭიროება არის გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან, საკითხის მნიშვნელობიდან. კითხვები არსებობს და იმისთვის, რომ ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცეს, პრეზიდენტმა მიიჩნია, ყველაზე სახარბიელო და ყველაზე ნორმალური ფორმატი არის სწორედ მთავრობის სხდომა”, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილემ.
ივლიანე ხაინდრავა ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მისი უწყება მზად არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ენერგოუსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და აღნიშნა, რომ ინფორმაცია პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა კალაძის მოადგილისგან უკვე მიიღო.
“ენერგეტიკის მინისტრს და მით უფრო ვიცე-პრემიერს აქვს უფლება, სთხოვოს პრეზიდენტს აუდიენცია და მიიღოს აუდიენცია. რაც შეეხება მის მოადგილეს, ის უკვე შეხვდა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, გიორგი აბაშიშვილს და მიაწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, გიორგი აბაშიშვილმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისგან მიიღო, მიაწოდა პრეზიდენტს. ამიტომ ამაზე ზრუნვა და საუბარი ახლა ცოტა უხერხულიც კი არის”, – აღნიშნა ხაინდრავამ.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა მთავრობის სხდომის ფორმატში უნდა მოხდეს, რომელსაც ის და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან. შესაბამის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციას გუშინ ოფიციალური წერილით მიმართა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ნეპალის ორი მოქალაქე ცდილობდა
შემდეგი სტატია,,რისკები ბუნებრივია არის, რადგან საქმე გვაქვს “გაზპრომთან”