საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილი ციბენკომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიევში მიიწვია.
როგორც ვასილი ციბენკომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში მან საქართველოს ხელისუფლების სახელზე გადასცა 20-21 თებერვლის ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი, რომელიც კიევში დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიმართება.
“გარდა ამისა, აპრილში კიევში გაიმართება დონორების კონფერენცია. ჩვენთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ციბენკომ.
უკრაინის ელჩმა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.
“განსაკუთარებული სიტყვები მინდა გადავცე საქართველოს პრეზიდენტს”, – განაცხადა ვასილი ციბენკომ.
კითხვაზე, მზადდება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში, ციბენკომ აღნიშნა, რომ უკვე გადასცა ქართულ მხარეს მოსაწვევი. ის ფიქრობს, რომ ეს მოსაწვევი იქნება განხილული და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება პასუხი.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, როგორც ვასილი ციბენკომ აღნიშნა, ეს ვიზიტი მზადდება და აქტიური მუშაობა მიდის შესაბამის უწყებებთან.
“ცოტა ხნის წინ კიევში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერები. ახლა ვიცი, რომ მზადდება ფინანსთა მინისტრის ვიზიტი, რომელსაც გასულ კვირას შევხვდი. ასე, რომ ის, ვინც იმედოვნებდა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდებოდა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვერ მოესწრებიან”, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.