უზენაესი სასამართლო 7 თვეში საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უზენაესი სასამართლო 2015 წლის 7 თვეში საქართველოს საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესული და განხილული საქმეების სტატისტიკის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით, I ინსტანციის სასამართლოებში შემოსული სამოქალაქო საქმეების რაოდენობა გაიზარდა 21,2%-ით, ხოლო განხილული საქმეები – 13,5%-ით, ანუ 16090 საქმიდან 18259 საქმემდე. 14,8%-ით გაიზარდა გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ საქმეთა რაოდენობაც და 2015 წლის 7 თვეში შეადგინა 13253 საქმე.
“საქმეთა რაოდენობა გაიზრდა ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის დავებზეც. მიმდინარე წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით, I ინსტანციის სასამართლოებში შემოსული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა გაიზარდა 1,7-ჯერ, ხოლო განხილული საქმეების რაოდენობა – 1,1-ჯერ, ანუ 3752 საქმიდან 7947 საქმემდე. გაიზარდა ასევე გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ საქმეთა რაოდენობაც (1,3-ჯერ) და მიმდინარე წელს შეადგინა 6796 საქმე.
მიმდინარე წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე დადგენილება გამოტანილ იქნა 16835 პირის მიმართ (1,0%-ით მეტი, ვიდრე 2014 წლის 7 თვეში), რომელთაგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12275 პირს, ანუ 72,9%-ს, 2014 წლის 7 თვეში – 78,3%-ს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, 2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით, I ინსტანციის სასამართლოებში შემოსული სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა შემცირდა 901 საქმით, ანუ 9,5%-ით და შეადგინა 8595 საქმე, ხოლო სულ განხილულ საქმეთა რაოდენობა – 774 საქმით, ანუ 8,8%-ით და შეადგინა 8064 საქმე. 9,0%-ით, ანუ 8643 საქმიდან 7862 საქმემდე შემცირდა განაჩენის გამოტანით განხილული საქმეების რაოდენობა.
2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით 12,2%-ით შემცირდა საგამოძიებო ორგანოებიდან I ინსტანციის სასამართლოებში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შემოსული შუამდგომლობების რაოდენობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოებში გამართლებული და მსჯავრდებული პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას რა შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ 2015 წლის 7 თვეში მსჯავრდებული 8912 პირიდან: _ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2825 პირს (სულ მსჯავრდებულთა 31,7%, 2014 წლის 7 თვეში – 37,6%); _ პირობითი მსჯავრი – 4071 პირს (შესაბამისად, 45,7% და 44,3%); _ ჯარიმა – 1634 პირს (18,3% და 15,5%); _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 377 პირს (4,2% და 2,4%).
2015 წლის 7 თვეში გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 109 პირის მიმართ, ნაწილობრივ გამამართლებელი – 68 პირის მიმართ, საქმე შეწყდა 63 პირის მიმართ.
სააპელაციო ინსტანციაში შესული და განხილული საქმეების სტატისტიკით, მიმდინარე წელს სააპელაციო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა პალატებში განსახილველად შევიდა 2865 სააპელაციო და კერძო საჩივარი, 134 საქმით, ანუ 4,5%-ით ნაკლები, ვიდრე 2014 წლის 7 თვეში. განხილული საქმეების რაოდენობა შემცირდა 60 საქმით, ანუ 2,3%-ით და შეადგინა 2572 საქმე. საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა სამოქალაქო საქმეთა პალატებში სააპელაციო საჩივრით შემოსული 1450 საქმე (78 საქმით, ანუ 5,1%-ით ნაკლები, ვიდრე 2014 წლის 7 თვეში).
სამოქალაქო საქმეებისგან განსხვავებით შემოსული და განხილული საქმეების რაოდენობა გაზრდილია ადმინისტრაციულ საქმეებზე. 2015 წლის 7 თვეში სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში განსახილველად შემოვიდა 1528 სააპელაციო და კერძო საჩივარი, 149 საქმით, ანუ 10,8%-ით მეტი, ვიდრე 2014 წლის 7 თვეში. განხილული საქმეების რაოდენობა გაიზარდა 54 საქმით, ანუ 4,4%-ით და 2015 წელს შეადგინა 1258 საქმე. იმავე პალატების მიერ საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა სააპელაციო საჩივრით შემოსული 823 საქმე.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, 2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით 28,5%-ით გაიზარდა სააპელაციო სასამართლოებში შემოსული საჩივრების რაოდენობა, ხოლო განხილული საქმეები გაიზარდა 31,5%-ით.
საკასაციო ინსტანციაში შემოსული და განხილული საქმეების სტატისტიკით, მიმდინარე წელს, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით სამოქალაქო კატეგორიის დავებზე საკასაციო ინსტანციაში შემოსული საკასაციო და კერძო საჩივრების რაოდენობა შემცირდა 5,6%-ით, ხოლო განხილული საჩივრების რაოდენობა გაიზარდა 32,5%-ით. საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა საკასაციო საჩივრით შემოსული 801 საქმე.
ადმინისტრაციულ საქმეებზე შემოსული საკასაციო და კერძო საჩივრების რაოდენობა 2014 წლის 7 თვესთან შედარებით გაიზარდა 17,4%-ით, ხოლო განხილული საჩივრების რაოდენობა – 13,2%-ით. საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციული პალატის მიერ განხილულია საკასაციო საჩივრით შემოსული 376 საქმე.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, 2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით საკასაციო ინსტანციაში შემოსული საკასაციო და კერძო საჩივრების რაოდენობა გაიზარდა 49,8%-ით, ხოლო განხილული საჩივრების რაოდენობა გაიზარდა – 63,1%-ით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილის მკვლელობაზე უცხოეთში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლოა, პირი, ან პირთა წრე დააკავონ
შემდეგი სტატიავეტერან ფეხბურთელთა გადაწყვეტილებას სპორტის მინისტრი გამოეხმაურა