უეფა-ს პოზიცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

გამორიცხულია, რომ biletebi.ge-სთან კონტრაქტი გაუქმდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განუცხადა.
მისი თქმით, კონტრაქტი არ ითვალისწინებს შერჩეული კომპანიის შეცვლას, თუმცა ითვალისწინებს პრობლემების აღმოფხვრას. როგორც სიჭინავა აცხადებს, უეფა-ს პოზიცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი.
“მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა biletebi.ge-სთან კონტაქტი, გვარწმუნებდნენ, რამდენიმე წუთში ჩაირთვებოდა საიტი. ბოლოს ველაპარაკეთ დილის 07:00 საათზე და გვითხრეს, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა. ეუფა-ში ამ დროისთვის სამუშაო საათები არ დაწყებულა. სულ ცოტა ხანში გვექნება კიდევ ერთი კავშირი და დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება ეუფა-ს პოზიცია”, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, უეფა-სა და biletebi.ge-ს შორის გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ კომპანიამ, რომელმაც აიღო თავისთავზე ბილეთების გაყიდვა, უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის.
“ეს არის ეუფა-ს არჩეული და შესაბამისად კონტრაქტორი კომპანია. გამორიცხულია, biletebi.ge-ს გაუუქმდეს კონტრაქტი. კონტრაქტი კომპანიის ცვლილებას ან რაიმე ჯარიმას არ ითვალისწინებს. ასევე წარმოუდგენელია, თვენახევრით ადრე ახალი კონტრაქტორის ძიება. biletebi.ge-ს შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უეფა-ს მიერ არის მიღებული. ჩვენ ჩვენის მხრივ biletebi.ge-ს ყოველთვის ვეუბნებოდით და ვეკითხებოდით, თუ წარმოუდგენიათ, რამდენი ადამიანი შევა საიტზე ერთდროულად და მოახდენენ თუ არა ამის უზრუნველყოფას, მათგან კი მხოლოდ დადებით პასუხს ვიღებდით”, – განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, ფედერაციას გეგმის “ბ” ვარიანტი არ აქვს, რადგან ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ უეფა იღებს.
ამასთან, ფეხბურთის ფედერაციაში ელოდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით მცირდება
შემდეგი სტატიასტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დასრულდა