უგულავას ადვოკატი – გაოცებული ვარ მოსამართლის არაადეკვატური და არაეთიკური განცხადებებით

გაოცებული ვარ მოსამართლის არაადეკვატური და არაეთიკური განცხადებებით ჩემს მიმართ, – ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “ტელეიმედის” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ლაშა ჩხიკვაძემ გაასაჯაროვა. ადვოკატმა ამ განცხადებით სასამართლოს მიმართა და თავად პროცესს არ დასწრებია.
კონდახიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოსამართლისთვის მთავარია საქმის რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულება და არაობიექტური გადაწყვეტილება.
ამასთან, კონდახიშვილი განცხადებაში ეხმაურება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, რომ დაცვის მხარის ქმედებები აღნიშნული პროცესის განმავლობაში მასხარაობას დაემსგავსა.
“მსგავსი ტიპის არაეთიკური განცხადებები მოსამართლის მხრიდან არ მსმენია. როგორც ჩანს, ჩემს მიმართ გაქვთ პირადი ინტერესი. უაპელაციო ლანძღვის დაჯერება მიჭირს, სანამ არ მოვისმენ სხდომის ოქმს. არ მინდა დავიჯერო, რომ მასხარას უწოდებთ დაცვის მხარეს. მე არასდროს ვიკადრებ თქვენი ქმედებების შეფასებისას მსგავს სიტყვას, ტენდენციურობასაც აქვს საზღვარი”, – აღნიშნულია გიორგი კონდახიშვილის განცხადებაში.
მისი თქმით, მისთვის გასაკვირია ისიც, რომ მოსამართლემ წინა პროცესზე განაცხადა, რომ ადვოკატის ქმედებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს დაცვის მოვალეობების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის უფლების განხორციელებაში სწორედ მოსამართლის ქმედებები უშლის ხელს. კონდახიშვილი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მას ამ თემაზე გიგი უგულავასთან ჰქონდა საუბარი, რომელსაც გაუჩნდა განცდა, რომ კონდახიშვილის მიმართ პიროვნულმა ინტერესმა მოსამართლის მხრიდან შეიძლება მასზე ცუდად იმოქმედოს და აქედან გამომდინარე, უგულავა კონდახიშვილის აცილებას მოითხოვს.
შესაბამისად, ადვოკატი აცხადებს, რომ იგი აღარ გააგრძელებს საქმის განხილვაში მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშირატომ დანიშნა სერგეენკომ როლანდ ახალაიას ყოფილი შტაბის უფროსი მაღალ თანამდებობაზე
შემდეგი სტატიაპუდელ კარაკულას თეთრ ლეკვს შუმბა დაარქვეს (+ფოტოები)