ტოომას ჰენდრიკ ილვესი: ესტონეთი მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში

ესტონეთი მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა.
როგორც “თაიმერს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის დადასტურებად განიხილავს.
პრემიერმა ტოომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ხაზი გაესვა ესტონეთთან თანამშრომლობას ელექტრონული მმართველობის სფეროში. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ესტონეთის ექსპერტულ დახმარებას მიესალმება. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები.
შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების, ეფექტური მმართველობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სამეწარმეო საქმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.

banner
წინა სტატიაშიირაკლი გილაური: გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს
შემდეგი სტატიაპროკურატურის საგანგებო განცხადება – მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია