ტიმოთესუბნის მონასტრის 800 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

ტიმოთესუბნის მონასტრის 800 წლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საზეიმო ვითარებაში გუშინ გაიხსნა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მოეწყო მხატვრის ომარ ჩხეიძის ფერწერული ტილოების გამოფენა.
როგორც “თაიმერს” სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ისტორიკოს ბაკურ გელაშვილის ფოტოგამოფენის ნაწილი სახელწოდებით- “ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია”, რომელიც დღეს სრულყოფილი სახით ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოს ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.
ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებელს საშუალება მიეცა მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნამუშევრებიც ეხილათ.
გამოფენა გახსნა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, რის შემდეგ კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჭაძემ ის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებმაც საკუთარი ხელით შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს.
ტიმოთესუბნის ტაძრის 800 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა კონფერენცია სახელწოდებით “დედა ეკლესია”. კონფერენციაზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით – “ტიმოთესუბნის 800 წლის იუბილე”.
მსმენელის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ სასულიერო პირები და მეცნიერები. საღამო დაამშვენა ანსამბლების “ნენანას” “მზეშინასა” და “ბორჯომის” მიერ შესრულებულმა საგალობლებმა.
დღესასწაული დღეს ტიმოთესუბანის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე პარაკლის აღავლენს.
ლიტურღიის შემდგომ კი ღია ცის ქვეშ სახალხო ზეიმი დაიწყება. ღონისძიებებს, ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, გალა-კონცერტი დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩემგან ნუ მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, მეგობრებო
შემდეგი სტატიასაქსტატი – წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა