სცენის დღესასწაული –ნინელი ჭანკვეტაძე

ამ ლაბირინთებში ხეტიალი ყველას არ შეუძლია

24 ოქტომბერი ნინელი ჭანკვეტაძის დაბადების დღეა!

ნინელი ჭანკვეტაძის გამოჩენა სცენაზე მაყურებლისთვის უკვე დღესასწაულია. ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ, რა არის ამის მიზეზი, რა ქმნის მაყურებლის ასეთ განწყობას?! მსახიობის ნიჭი? – ნიჭიერი სხვაცაა, მაგრამ ასეთი სიხარულით ცოტას თუ ხვდებიან; პიროვნული თვისებები? – საამისოდ არც ესაა საკმარისი, რადგან განსაკუთრებით დღეს ბევრი კარგი პიროვნება უფრო დგას სცენაზე, ვიდრე _ მსახიობი!

ამ ლაბირინთებში ხეტიალი ყველას არ შეუძლია
ნინელი ჭანკვეტაძე თვითნაბადი სტიქიაა სცენაზე. გარდა იმისა, რომ გავლილი აქვს მიხეილ თუმანიშვილის ბრწყინვალე სამსახიობო სკოლა, რომ ესმის საიდუმლო საკუთარი პროფესიისა, მასში არის ის იშვიათი თვისებები (პიროვნულთან ერთად), რომლებსაც სკოლა ვერ მოგცემს. პირველი და უმთავრესი, რომელიც მაშინვე მიგანიშნებს იმას, რომ სცენაზე ნინელი ჭანკვეტაძე დგას, არის გმირის ცხოვრების გააზრების მთავარი ფაქტორი, აზროვნების თავისებურებაში რომ ვლინდება. ნინელი იმ რანგის მსახიობია, რომელიც როლთან მიდის არა თავისი მოდელებითა და კლიშეებით, არამედ ამოდის `ავტორისეული ვითარებიდან~ (გ. ტოვსტონოგოვი), ანუ იქცევა არა ისე, როგორც პირადად მისთვისაა დამახასიათებელი, არამედ მოქმედებს პერსონაჟისებურად. ამიტომ, ამ ვითარებათა გათვალისწინებით, იცვლება მისი აზროვნების თავისებურებაც, პლასტიკაც, ტემპერამენტიც, ჟესტიც და მიმიკაც. ერთი გასაოცარი თვისებაც ამკობს მსახიობს: ის მუდამ ცდილობს, მაყურებელთან ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი და არ უშვებს არანაირ შესაძლებლობას ხელიდან, რომ ჩაგრთოს და თანამონაწილე გაგხადოს იმ ხდომილებისა, რომელშიც მისი პერსონაჟია. ამის გამო, გიყურებს სცენიდან, განიშნებს თვალებით, მიმიკით, ხელით… რომ შენც შეაფასო მისი პარტნიორის ქმედება თუ ჟესტი. მსახიობი აუცილებლად ჩართავს გმირის რეპლიკაში თავისებურს, სიტუაციიდან, რეალობიდან გამომდინარეს და ეს ისე, რომ არ დაირღვეს მხატვრული ქსოვილი წარმოდგენისა. მისი როლი არასდროს არ არის ამოვარდნილი სამსახიობო ანსამბლიდან, ზუსტად გრძნობს და განიცდის პარტნიორს სცენაზე.

ამ ლაბირინთებში ხეტიალი ყველას არ შეუძლია
ნინელი ჭანკვეტაძის ნიჭს განსაზღვრავს მუსიკალობა, ჰარმონიად დაღვრილი მისი მეტყველება და სიმღერა სცენაზე ქმნის დრამატურგიულ მონახაზს – ზუსტსა და შთამბეჭდავს.
შიში სცენაზე გასვლის წინ – პროფესიული ნიშანი _ გრძელდება დღემდე. 37 წელია თამაშობს `ბაკულას ღორებში~ და მაინც კანკალებს სცენაზე გასვლის წინ, არადა, დასაწყისი მართლაც მღელვარებით იყო დაღდასმული: მესამე კურსზე სწავლობდა, როცა `ბაკულას ღორები~ დადგა მიხეილ თუმანიშვილმა. მერე ეს საკურსო სპექტაკლი კინომსახიობთა თეატრში გადმოიტანა დიდმა მაესტრომ. თავდაპირველად, ჩაბარებისას, სპექტაკლს არანაირი რეაქცია არ გამოუწვევია (წესისამებრ) დარბაზში. მეორე დღეს პირველად უნდა ეთამაშათ მაყურებელთა წინაშე. ინტერესი თავიდანვე დიდი იყო.

ამ ლაბირინთებში ხეტიალი ყველას არ შეუძლია
ქართულ თეატრში ასეთი ზუსტი, ღრმა და ყოვლისმომცველი ინსცენირება დავით კლდიაშვილის შემოქმედებისა არ მინახავს. რომ არა ჭინკების (ასე ერქვა თავდაპირველად, მერე ჭორიკნები დაარქვა რეჟისორმა. ჯერ ნინელი და ნინო შარაბიძე იყვნენ ჭინკები, შემდეგ _ დარეჯან ხაჩიძე და რუსუდან ბოლქვაძე) სცენები, არც კი ვიცი, საბოლოოდ, როგორი გამოვიდოდა ეს სპექტაკლი. მაშინაც და ახლაც პირველი ნინელი შემოდიოდა სცენაზე. კულისებში მდგომი ჰგავდა სიფრიფანა, დამფრთხალ, შეშინებულ გოგოს, რომელსაც ესმოდა გუგუნი მაყურებელთა დარბაზიდან, სუნთქვა მაყურებლისა, 37 წელია თან რომ სდევს!.. მისი გამოჩენა თეთრი ქოლგითა და გიტარით ამ წარმოდგენის აპოთეოზია. მაყურებელი განსაკუთრებით მონუსხულია მაშინ, როცა ჭორიკნები ესაუბრებიან, პირადად მიმართავენ, პასუხსაც რომ ითხოვენ დარბაზისგან. ყოველთვის შეუდარებელია ნინელი ამ ეპიზოდებში. მთავრდება სპექტაკლი და იქვე იბადება გასაოცარი ნოსტალგია, _ კიდევ გინდა ნახო ის სასწაული, რომელიც შენ თვალწინ გათამაშდა. 30 წელია `ბაკულას ღორების~ მაყურებელი ვარ და ვერა და ვერ ვძლიე მის მარადიულ მონატრებას.

ამ ლაბირინთებში ხეტიალი ყველას არ შეუძლია
ზომიერი იმპროვიზაციის უნართან ერთად, ნინელი ჭანკვეტაძეს ამშვენებს კიდევ ერთი იშვიათი თვისება – მეტყველი თვალები. რაღაც გასაოცარი სხივი ეფინება დარბაზს. ეს ნათლის სვეტი იმ სამყაროს გამონაშუქია, რომლის წიაღსაც თავად მსახიობი ქმნის თავისი პრინციპული, მართალი, შეუვალი და დიდოსტატის ნიშნით დაღდასმული ცხოვრებით.
რაც დრო გადის, ბუნებრივია, იზრდება მისი შემოქმედების მხატვრული ხარისხი და, ამასთანავე, მატულობს თვითკრიტიკის მასშტაბიც. სრულყოფილებისა და სრულქმნის მისეულ სურვილებს საზღვარი არა აქვს _ არ იქნებოდა ურიგო, ამ თვისებასაც პროფესიულ ნიშნად თუ ჩავუთვლიდით.
ნინელი ჭანკვეტაძეს შემოქმედებითი შუადღე უდგას. ისევ აქტიურია მისი წარმოსახვა. უფრო მეტიც, მას აქვს სამყაროს მხატვრული აღქმა, მისი სააზროვნო მოდელი სახეობრივია. სახეებით აზროვნება კი ხელოვნების, შემოქმედების უპირველესი ნიშანია, ამიტომ გრძნობს თავს ყველაზე კარგად იქ, სადაც მისი შეუცვლელი ადგილია, _ საკუთარ თეატრში, სცენაზე!
ცხოვრება საინტერესოა თავისი წინააღმდეგობებით, პარადოქსული ხასიათით. ასეთივეა ნინელის სცენური გმირები – შინაგან განწყობილებათა სიმწვავე და კონტრასტულობა თან სდევს მათ. ამიტომაცაა ეს სახეები აღსავსე მოულოდნელი რაკურსებით, მსუყე და ფერდაოვანი ხასიათებით. მათ არ აკლია სიმძაფრე და სინატიფე, არც _ სიღრმე, რადგან თავად მსახიობი ცხოვრებას აღიქვამს ემოციურად, საგნისა და მოვლენის მიმართ დამოკიდებულება სწორედ ასეთია. მისი, როგორც მოქალაქის, თვისება ისიცაა, რომ არ შეუძლია იყო ე.წ. `მდუმარე უმრავლესობა~. როგორც ჩვენს ყოფითს ცხოვრებაში, ისე თეატრშიც რაღაც იცვლება, მაგრამ ხშირად ცვლილება სტრუქტურირებულია და თავად სტრუქტურებით იცვლება. ამიტომ, პოლიტიკური ვითარების აბსურდულობა არასოდეს ყოფილა ნინელი ჭანკვეტაძის არსებობის მთავარი ორიენტირი. ის პოლიტიკურ სარბიელზე არ გამოსულა. უბრალოდ, საკუთარი მრწამსის გამო დადგა იქ, სადაც ქვეყნისთვის საჭიროდ მიაჩნდა – ეს მისი პიროვნული პოზიცია იყო და არა _ პოლიტიკური განაცხადი.
ნინელი ჭანკვეტაძის გმირები სცენაზე ფიქრით შექმნილი არსებები არიან. მათ ყოველთვის აქვთ მიზანი, სათქმელი, პროტესტი. ყველაფერი, ალბათ, სამყაროს შემეცნების სურვილითაა განპირობებული. ამ პროცესში ისინი პოულობენ საკუთარ თავს და გრძნობენ საკუთარ მისიასაც. ნინელი გარეგნულ ეფექტებზე არ მუშაობს. მას აინტერესებს თავისი პერსონაჟის // როლის ფარული სულიერი წახნაგები.

nineliiiiiiiiiiiiiii
ჯერ კიდევ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც ვუყუროთ სცენაზე მის ელისაბედს (სპექტაკლში `ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს~). როგორი მიწიერი, ნამდვილი სახეა ელისაბედი, _ კონკრეტული ცხოვრების კონტექსტში არსებული და, ამავე დროს, განზოგადებული, ტიპობრივი. მასში ხასიათთა და თვისებათა ისეთი პალიტრაა შერწყმული, ყველა ადამიანი რაღაც თავისას რომ ამოიკითხავს. ამისი მიზეზი ისიცაა, რომ ნინელი ჭანკვეტაძისთვის სცენაზე მთავარი ადამიანია.
რა ტიპის ესთეტიკაც უნდა დაამკვიდროს ცხოვრებამ, რა სახეობის სტილისტიკაც უნდა შემოგვთავაზონ, ვერასოდეს ვერაფერი ჩაანაცვლებს იმ ფენომენს, ადამიანის სამყარო რომ გვთავაზობს.ასეთ ლაბირინთებში ხეტიალი ყველას არ შეუძლია. ნინელი ჭანკვეტაძე კი ამ საიდუმლოს წიაღში ტრიალებს და დაეძებს ყოველთვის რაღაც ახალსა და იდუმლას. ამიტომაცაა აღიარებული მისი შემოქმედება ნამდვილ ხელოვნებად და ასეთი შეფასება საკამათო არასოდეს ყოფილა!

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დავიცვათ და უზრუნველვყოთ
შემდეგი სტატიამიშა „მეოცნებეებზე“ ფარულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს?