სუპერთასის მატჩის ბილეთების კომერციულ ღონისძიებაში უნებართვო გამოყენებისთვის სამართალდარღვევის აქტი შედგა

ყატარის ავიახაზების წარმომადგენლობისთვის უეფას მითითების საფუძველზე, 2015 წლის სუპერთასის მატჩის ბილეთების კომერციულ ღონისძიებაში უნებართვო გამოყენებისთვის სამართალდარღვევის აქტი შედგა.
როგორც საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიის სარეკლამო განცხადება საინფორმაციო სააგენტოს “თაიმერს” გვერდზე გამოქვეყნდა და მასზე რეაგირება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოახდინა.
მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევის აქტი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.
“ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომ დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოთ ბილეთების გაყიდვისგან ან კომერციულ ღონისძიებაში გამოყენებისგან, რადგან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, 22-ე მუხლი), 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში”, – აცხადებენ საქპატენტში.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტთან არსებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საბჭოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის N344 დადგენილებით დაევალა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი კომპოზიტორ გია ყანჩელს 80 წლის იუბილეს ულოცავს
შემდეგი სტატიათბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული „დინამო არენა“ დაათვალიერა