სტიქიის გამო, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს დენი არ მიეწოდება

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები, სტიქიის გამო გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. წუხელ აჭარაში ძლიერმა წვიმამ დატბორა მაღალი ძაბვის ქვესადგური “ქობულეთი”, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია, რომ დროულად განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმოფხვრას უამინდობით მიყენებული ზიანი”,-აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოზურგეთსაც, სადაც ამ დროისთვის გათიშულია 1500-მდე აბონენტი.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინონ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და აღადგინონ დაზიანებული ქსელი. სამუშაოები ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს აჭარასა და გურიაში”,-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი სირიის ოპოზიციაზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს