სტიქიით დაზარალებული ბავშვები ბაგა-ბაღებში პრეფერენციული რეგისტრაციით ისარგებლებენ

საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილმა კომისიის წევრებს წარუდგინა ინიციატივა, რომლის თანახმად სტიქიით დაზარალებული ბავშვები ბაგა-ბაღებში რეგისტრაციისას უპირატესობით ისარგებლებენ.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული წესის დამტკიცების შემთხვევაში, ბავშვები სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან ბაგა-ბაღებში რეგისტრაციას უფრო ადრე გაივლიან, ვიდრე სხვა აღსაზრდელები.
დეპუტატის თქმით, სტიქიით დაზარალებული ბავშვები მუნიციპალურ მომსახურებას მიიღებენ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დაწესებულებისგან.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საკრებულოდან აცნობეს, კომისიის სხდომაზე, კიდევ ერთხელ განიხილეს მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთ აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი. წესის მეორედ განხილვის საფუძველს წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ტალიაშვილის ინიციატივა, რომელიც 8 ივნისის სხდომაზე იქნა დაყენებული. თავდაპირველი განხილვის შემდეგ მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაეგზავნა კომისიის შენიშვნები და სწორედ ამ შენიშვნებით გათვალისწინებული წესის შესახებ იმსჯელეს დეპუტატებმა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მათი თქმით, აღნიშნულ წესს ბავშვების ყოველწლიურ რეგისტრაციას სამართლებრივად დაარეგულირებს. მასში პრიორიტეტულად განსაზღვრულია იმ ოჯახების სოციალური მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ თანადგომას. შესაბამისად, რეგისტრაციისას პრიორიტეტი მიენიჭებათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა ბავშვებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და აგრეთვე იმ ოჯახის შვილებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ იმავე ბაღის მომსახურებით.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბაგა-ბაღებში ვაუჩერიზაციისა და რეგისტრაციის წესის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. დეპუტატის განცხადებით, ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრამდე უსრულდებათ 6 წელი, რჩებიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბენეფიციარებად და ისინი სასკოლო მზაობის პროგრამით გააგრძელებენ სწავლას. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

banner
წინა სტატიაშიჯაბა სამუშია – სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესი მუშავდება
შემდეგი სტატია20 წლის შემდეგ მოქალაქეს საბუთებში სქესი შეუსწორეს