სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი გავრცელდა

დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი გავრცელდა.
თბილისის მერიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. მანამდე კი, აღნიშნული დოკუმენტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, სპეციალისტების მიერ უნდა განისაზღვროს სტიქიის ზონა, რომელში მცხოვრებ დაზარალებულ მოქალაქეებსაც სახელმწიფო დაეხმარება.
პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით კომპენსაციას ექვემდებარებიან შემდეგი კატეგორიის დაზარალებული პირები (ოჯახები): I კატეგორია – დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია სტიქიის შედეგად, არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და მდებარეობს რისკის ზონაში;
II კატეგორია – დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას;
III კატეგორია – დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი არ არის დაზიანებული, თუმცა მდებარეობს რისკის ზონაში.
ამავე პროექტის თანახმად, თითოეული დაზარალებულის და/ან განახლებას დაქვემდებარებული პირის (ოჯახის) კომპენსაციის ოდენობის დადგენა შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მოხდება.
“კომპენსაცია არის ერთჯერადი ხასიათის და მისი ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად. დაზარალებულ პირს (ოჯახს) პირველადი საჭიროებისათვის გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც ერთ პირზე შეადგენს 250 ლარს. I და II კატეგორიის დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) გადაეცემათ თანხა პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთების შესაძენად 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფიზიკური, დონორი ორგანიზაციების ან სხვა კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მხრიდან დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული შესაბამისი საოჯახო ნივთები”, – ნათქვამია პროექტის სამუშაო ვარიანტში.
დაზარალებულთა I კატეგორიისათვის კომპენსაცია გაიცემა ოჯახის სულადობის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის შესაძენად იმავე რაიონში შემფასებლის მიერ დადგენილი საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრება: 1-2 წევრიანი ოჯახისათვის – 45 კვადრატული მეტრით;
3-4 წევრიანი ოჯახისათვის – 65 კვადრატული მეტრით;
5-6 წევრიანი ოჯახისათვის – 90 კვადრატული მეტრით;
7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის – 110 კვადრატული მეტრით.
“დაზარალებულთა II კატეგორია საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის კომპენსაციას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი სახლი არ მდებარეობს რისკის ზონაში. დაზარალებულთა II კატეგორიაზე, რომლის საცხოვრებელი მდებარეობს რისკის ზონაში, კომპენსაცია გაიცემა ზემოხსენებული წესით. III კატეგორიის დაზარალებულ პირებზე (ოჯახებზე) კომპენსაცია გაიცემა განსახლების პროცედურის განხორციელების შემთხვევაში, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით”, – ნათქვამია პროექტის სამუშაო ვარიანტში.
რაც შეეხება განახლების წესებს, რისკის ზონაში მცხოვრები პირების (ოჯახების) განსახლება იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ უფლებამოსილი ორგანოების მიერ განისაზღვრება რისკის ზონა, რომელშიც ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
განახლებას ასევე ექვემდებარება დაზარალებულთა I კატეგორია, დაზარალებულთა II კატეგორია, რომლის საცხოვრებელი მდებარეობს რისკის ზონაში და დაზარალებულთა III კატეგორია.
პროექტის სამუშაო ვარიანტში კომპენსაციის/ზარალის ანაზღაურების დროს პრიორიტეტებიც არის განსაზღვრული. ანუ კომპენსაციის/ზარალის ანაზღაურების პროცესში, რიგითობის მიხედვით პრიორიტეტი მიენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ ჯგუფებს:
ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები განადგურდა ან დაზიანდა, მაგრამ მათი აღდგენა ნორმალურ საცხოვრებელი პირობებით შეუძლებელია და ამავე დროს: რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში; არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი; ჰყავთ შშმ პირები; ჰყავთ 14 წლამდე ან/და 80 წელს გადაცილებული პირები; ჰყავთ მძიმე ავადმყოფი (ლოგინად ჩავარდნილი) პირები;
ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ექვემდებარება აღდგენას და ამავე დროს: რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში; არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი; ჰყავთ შშმ პირები; ჰყავთ 14 წლამდე ან/და 80 წელს გადაცილებული პირები; ჰყავთ მძიმე ავადმყოფი (ლოგინად ჩავარდნილი) პირები;
ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები განადგურდა ან დაზიანდა, მაგრამ მათი აღდგენა ნორმალურ საცხოვრებელი პირობებით შეუძლებელია;
ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ექვემდებარება აღდგენას.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა
შემდეგი სტატიავანის ქუჩაზე აფეთქება მოხდა