სპორტის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირებაზე ფედერაციები განცხადებას ავრცელებენ

სპორტული ფედერაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქართულ სპორტულ სამყაროში ბოლო პერიოდში შექმნილი მდგომარეობის გამო, – ამის შესახებ განცხადებას ეროვნული სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს. საუბარია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართ დაპირისპირებაზე.

“ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი სპორტული ფედერაციები, გამოვხატავთ უაღრეს შეშფოთებას საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. ტელეეთერითა და ბეჭდური მედიის მეშვეობით ვისმენთ შეფასებებსა და განცხადებებს, რომელთაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად თითიოეული სპორტული ფედერაციის საქმიანობაზე, თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არავინ არ გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას, არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, მისი დახურული ფორმატის მიზეზით და პრაქტიკულად უსერიოზულესი გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციებს და პოლიტიკური წიაღსვლებით არ ვართ დაინტერესებული, მაგრამ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვთხოვოთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ჩაგვაყენონ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში და მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპორტული ფედერაციების ინიციატივით, 4 აპრილს, სასტუმრო “რედისონში” გაიმართება შეხვედრა ფედერაციების ხელმძღვანელების და კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. განცხადებას ხელს აწერენ ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაბელორუსია არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი – აცხადებს ლუკაშენკო