თბილისში 13 -14 ივნისის მომხდარ სტიქიის ტრაგიკული მოვლენების დროს საბედნიეროდ, მრავლად გამოჩნდნენ თანამედროვე გმირები მოხალისეებისა თუ პროფესიონალი მაშველების სახით, რომლებმაც არაერთი ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს. მათ შორისაა გაგრიდან დევნილი, სოფელ განთიადის მკვიდრი 37 წლის ზურაბ მუშკუდიანი. ზურაბი ყოფილი ფეხბურთელია, ბოლო წლებში შსს სამინისტროს საგანგებო საქმეთა დეპარტამენტის სამაშველო სამსახურში მუშაობს. სტიქიის ღამეს, მაშველმა საკუთარი ოჯახის წევრების გარდა რამდენიმე ადამიანი გამოსტაცა წყალდიდობას.
სვანიძის ქუჩის 11-ში მდებარე მუშკუდიანების სახლი სტიქიის ღამეს განადგურდა და ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. დღეს ზურაბ მუშკუდიანი და ქეთი ბეგიაშვილი სამი მცირეწლოვანი შვილით და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ყიფშიძის ქუჩაზე თბილისის მერიის მიერ დაქირავებულ 2 ოთახიან ბინაში ცხოვრობენ.
ზურაბ მუშკუდიანი სპორტსმენთა ოჯახიდანაა , დედა ვენერა მეფარიძე და ძმა დავით მუშკუდიანი ყოფილი კალათბურთელები არიან. თავად სხვადასხვა დროს ბულგარეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებში თამაშობდა. დაზარალებულ ოჯახს სოხუმის საფეხბურთო გუნდ ,,ცხუმის” პრეზიდენტი ალექსანდრე წულაია, გუნდის კაპიტანი გიორგი გოცირიძე, საკალათბურთო გუნდ ,,სოხუმის” ერთ-ერთი მწვრთნელი ლიკა ქაჯაია ,ასევე სოხუმიდან დევნილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია სტუმრობდნენ.
კლუბმა ,,ცხუმი,, და ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ დევნილ ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწიეს, ლიკა ქაჯაიამ პატარებს საჩუქრები და ოჯახის დიასახლისს მათთვის საჭირო პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.სიუჟეტი ამ მოვლენის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიამ გადასცა . იხელეთ ჩანაწერი.