სოსო ბარათაშვილის შეფასებით, პროკურატურა იძულებული გახდა, საჩივრისთვის გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა

ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, პროკურატურა იძულებული შეიქმნა გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა საკუთარი საჩივრისათვის, რომლითაც მათ საქალაქო განჩინება გაასაჩივრეს. ადვოკატის შეფასებით, საჩივრისათვის გრიფის დადება თავსმოხვეული მცდელობაა პროკურატურამ საჩივრის უსუსური შინაარსი დაფაროს.
“დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავარმა პროკურატურამ მოხსნა საიდუმლო გრიფი მის საჩივარზე, რომლითაც ის ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ვფიქრობ, რომ პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ჯერ კიდევ გუშინ პროკურატურა აკეთებდა განცხადებებს, რომ სასამართლოს განჩინება საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა. განჩინება მე ხელთ მაქვს და მას საიდუმლო გრიფი არ ადევს, უბრალოდ დოკუმენტის 1%-ია დაშტრიხული. ამ დოკუმენტს გრიფი რომ ედოს დაცვის მხარე მას ვერ მიიღებდა. ჩვენ კვლავ გვრჩება საფუძველი, ვიფიქროთ, რომ პროკურატურამ თავისი განჩინება მხოლოდ იმ მიზნით გაასაიდუმლოვა, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩენილიყო ამ განჩინების შინაარსი. მას შემდეგ რაც ამის თაობაზე გუშინ განვაცხადეთ, პროკურატურა იძულებული გახდა სასწრაფო წესით მიემართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის და მოეხსნა საიდუმლო გრიფი. არაფერი საჩივარში არ წერია საიდუმლო, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მცდელობა, დაფარონ თავიანთი უსუსური შინაარსი ამ საჩივრის”, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, დღეიდან დაცვის მხარეს ხელ-ფეხი გაეხსნა და მათ შეუძლიათ გამოქვეყნონ, როგორც სასამართლოს განჩინების ის ნაწილი, რომელიც ექსპერტიზის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ისახავს, ისე პროკურატურის და დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატის თქმით, საზოგადოება შეძლებს დაინახოს ვინ არის მართალი. ამასთან ადვოკატის თქმით, მისთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ დღეს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა განცხადება გრიფის მოხსნის საქმესთან დაკავშირებით, რადგანაც ის დაცვის მხარის მოწმეა ე.წ. კაბელების საქმეში.
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს გრიფი კონტრდაზვერვის წერილის საფუძველზე ახსნა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, გრიფი აეხსნა იმ ნაწილს, რაზეც კონტრდაზვერვამ დართო ნება.
“პროკურატურამ თავის დროზე საქმეს მოხსნა გრიფი “საიდუმლო”. ჩვენ გავმიჯნეთ საიდუმლო დოკუმენტაცია არასაიდუმლოსგან, რათა სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად, პროკურატურის ძალისხმევისა, პირველივე სხდომაზე თავად ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა, რასაც მოყვა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების საიდუმლო რეჟიმში განხილვა. ამდენად, სასამართლოს განჩინებაც, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით გამოცხადდა დახურულ სხდომაზე და მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ადვოკატებს ეს განჩინება გადაეცათ საიდუმლო ნაწილში დაშტრიხული სახით. კერძოდ, დაშტრიხულია ამ განჩინებაში არსებული საიდუმლო ინფორმაცია, ვინაიდან ადვოკატებს არ აქვთ შესაბამისი დაშვება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციაზე. სწორედ ამის გამო მოგვიწია სააპელაციო საჩივრის შეტანა საიდუმლო წესით, ვინაიდან სასამართლოს განჩინების მსგავსად მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში„თუ ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს იქნება რეალური გზავნილი“
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი – საკითხი ასე არ დგას, რომ მთის მინისტრს შემდეგ მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი