,,სოსანაშვილმა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა ვაზაგაშვილზე თანამშრომლებს უთხრა – ნახე, ამას რა მოუვაო”

იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ტელევიზიით გამოდიოდა და გია სოსანაშვილმა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა თანამშრომლებს უთხრა – ნახე, ამას რა მოუვაო , – ამის შესახებ დღეს, გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმეზე დაკითხულმა ბრალდების მხარის მოწმემ განაცხადა, რომელიც გია სოსანაშვილის თანამშრომელია კონტრდაზვერვაში. როგორც გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, ეს ინფორმაცია, რომ სოსანაშვილმა თანამშრომელს იური ვაზაგაშვილის შესახებ უთხრა, მას საკუთარმა თანამშრომელმა მიაწოდა.
დღეს სასამართლომ დაკითხა ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გია სოსანაშვილის უშუალო უფროსი დავით სულუხია. მისი თქმით, ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ორი დღით ადრე მას სოსანაშვილი შეშის ვაუჩერის არგუმენტით სამსახურიდან გაეთავისუფლა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოწმეების აღნიშნული ჩვენებები ადასტურებს იმას, რომ გია სოსანაშვილს როგორც მისი ადვოკატი ამბობს, მკვლელობის დღეს არ სძინებია და სახლში არ ყოფილა. ამის საპასუხოდ განცხადება გააკეთა სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა თბილისში და დანაშაულის დროს მითითებულ 13:00 საათზე არ იმყოფებოდა სოფელ ყარაფილაში. თბილისი კი მან დატოვა 18:40 საათზე.
რაც შეეხება გია სოსანაშვილის თანამშრომლის ჩვენებას, რომ ტელევიზიით გამოსვლისას სოსანაშვილმა თქვა – “ნახე ამას რა მოუვაო”, სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის გადმოცემითი ჩვენება და ეს ინფორმაცია უნდა დაადასტუროს იმ თანამშრომელმა, რომელიც დღევანდელმა მოწმემ ახსენა.
სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა იური ვაზაგაშვილის დამ. როგორც მანანა ვაზაგაშვილი ამბობს, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე პირდაპირ კავშირშია იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან და გია სოსანაშვილთან. მანანა ვაზაგაშვილის თქმით, კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა, რასაც მოყვა ზურაბ ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია.
“ჩემი ძმა კი 8 წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ ეს სპეცოპერაცია დაგეგმა ირაკლი ფირცხალავამ, როდესაც იური ვაზაგაშვილმა თქვა, რომ სამართლიანობა აღდგა და მალე მკვლელებს დაიჭერენო, მალევე ჩემი ძმა მოკლეს, სადისტურად ააფეთქეს შვილის საფლავზე”, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო 19 აგვისტოს, 11:30 საათზე განაახლებს.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია სომეხ კოლეგას აჭარაში მასპინძლობს
შემდეგი სტატიასამსახურებრივი გულგრილობა: ზღვარი კანონის უზენაესობასა და თვითნებობას შორის