სოსანაშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ყარაფილას მეზობელ სოფელში იმყოფებოდა

სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე ბრალდებული გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მცხოვრებია. სოფელი საკორინთლო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება ისევე, როგორც სოფელი ყარაფილა და ამ სოფლებს შორის დაშორება სულ 2-3 კილომეტრია.
ყარაფილასა და საკორინთლოს შორის სხვა დასახლებული პუნქტი არ არსებობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფეხით ნებისმიერი პირი დაახლოებით 10 წუთში გადავა ერთი სოფლიდან მეორეში.
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა სოფელ საკორინთლოში, გია სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წალკის სამმართველოს თანამშრომელი გია სოსანაშვილი სოფელში მშობლების სანახავად თვეში დაახლოებით ორჯერ ჩადიოდა. დაკავებულის დედა დარეჯან სოსანაშვილი აცხადებს, რომ შვილი ბოლოს 18 და 19 იანვარს იმყოფებოდა სოფელ საკორინთლოში, იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე ერთი დღით ადრე.
“ჩემი შვილი 18-ში ჩამოვიდა და 19 იანვარს წავიდა სახლიდან. მას შემდეგ აღარ მინახავს. წუხანდელი ჩხრეკის შედეგად, ჩვენს ეზოში მდებარე სათავსოს სახურავიდან სამართალდამცველებმა სამი ცალი ხელყუმბარა ამოიღეს. სამივე მათგანი, როგორც ჩანს, ძველი მოტანილი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ცელოფანი, რომელშიც აღნიშნული ხელყუმბარები ეწყო, თაგვებისგან იყო შეჭმული”, – აცხადებს დაკავებულის დედა დარეჯან სოსანაშვილი.
გია სოსანაშვილის მშობლები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ იმ ფაქტს, შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული დანაშაული მათ შვილს ჩაედინა. გია სოსანაშვილი წლებია პოლიციაში მუშაობს. მშობლების განცხადებით, სახლში იგი ხშირად ინახავდა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს. მათ შორის, როგორც მშობლები ამბობენ, სახლში სხვადასხვა პერიოდში მიტანილი ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც, “კარაბინის” სისტემის იარაღიც და ხელყუმბარებიც. თუმცა ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ ისევე, როგორც ე.წ. საზღვრისპირა სოფლის სხვა მცხოვრებლებს, ამ ოჯახშიც იარაღის შენახვა უცხო არ იყო.
როგორც გია სოსანაშვილის მამა აკაკი სოსანაშვილი აცხადებს, თუ ნამდვილად დადგინდება, რომ აღნიშნული დანაშაული მისმა შვილმა ჩაიდინა, საერთოდ არასდროს აღარ ნახავს.
გია სოსანაშვილის დედა დარეჯან სოსანაშვილი კი ვარაუდობს, რომ თუ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ აფეთქება მისმა შვილმა მოაწყო, ეს აუცილებლად იქნება ჯგუფთან ერთად ჩადენილი ან კონკრეტული პირებისგან დაკვეთით ჩადენილი დანაშაული. თუმცა დარეჯან სოსანაშვილი ვერაფერს ამბობს, ვისთან ერთად შეიძლებოდა მის შვილს ეს დანაშაული ჩაედინა, ან ვისი დაკვეთით შეიძლებოდა ჩაედინა.
რაც შეეხება სოფელ ყარაფილას, ყარაფილაში ბრალდებულის დაკავების შესახებ უკვე იციან და იმასაც ამბობენ, რომ გია სოსანაშვილი წალკის პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, დაახლოებით ორი წლის წინ სწორედ ამ სოფელში, ყარაფილაში მუშაობდა და პატრულირების ჯგუფთან ერთად გადაადგილდებოდა. შესაბამისად, სოფელში ვერაფერს ამბობენ, რამდენად შესაძლებელია, რომ აღნიშნულ პირს ჩაედინა ეს დანაშაული, თუმცა იმას ადასტურებენ, რომ გია სოსანაშვილმა ეს სოფელი და მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ კარგად იცოდა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს
შემდეგი სტატიაციალა ვაზაგაშვილი – პროკურატურას ვენდობი, რაც საჭიროა იმას აკეთებენ