სოზარ სუბარმა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ შეხვედრა გამართა

დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეხვედრა გამართა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფელ ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას შეხვედნენ. მათ ადგილობრივ მცხოვრებელებს “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების” პროგრამა გააცნეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო.
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას”, _ აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მოსახლეობის ინფორმირება მოახდინეს ლეგალური მიგრაციის გზებზე, არალეგალური მიგრაციის (მათ შორის, ტრეფიკინგის) საფრთხეებზე და ოჯახში ძალადობის პრობლემურ საკითხებზე.
მოსახლეობასთან შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიხოდორკოვსკი არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაკვამლით დაფარული ბორნიდან 544 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა