სოზარ სუბარი: ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს ახალი ბინები და ამ მხრივ სამართლიანობა დაცულია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ზუგდიდს ეწვია, სადაც სასწრაფო დახმარების ავტომობილების ყოფილ ავტოსადგომში შესახლებული დევნილები მოინახულა, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

როგორც ზუგდიდიდან “თაიმერის” კორესპონდენტი იტყობინება, მინისტრმა მათ ახალი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო, რომლის მიხედვით, ეს ოჯახები ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ ბინებში საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ.

„ორი კვირის წინ ვნახე ყოფილი ავტოსადგომის შენობაში შესახლებული დევნილები. კარგ ამინდში სუნთქვაც კი უჭირთ ამ ადამიანებს. ყველგან წყალი ჩამოდის. ამ შენობაზე ექსპერტიზა უკვე დანიშნული იყო, თუმცა დაჩქარება ვთხოვეთ და ყოველგვარი ქულების გარეშე, ექსპერტიზის პასუხის საფუძველზე, ამ ადამიანებისთვის ახალი ბინების გამოყოფის გადაწყვეტილება მივიღეთ… ყოველთვის აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა, თუმცა, გადაამოწმეთ და ყოველთვის დარწმუნდებით იმაში, რომ ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს ახალი ბინები და ამ მხრივ სამართლიანობა აბსოლუტურად დაცულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრმა დღესვე პროგრამის „სახლი სოფლად“ ფარგლებში სოფელ ბაშში შესახლებული ბელქანიების დევნილი ოჯახიც მოინახულა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება და მომავალშიც გარძელდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია სააკაშვილის ციტატებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგერმანიაში გარდაცვლილი მარდიანის მამა შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს