სოზარ სუბარი და სტივენ ჰეიკინი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

სოზარ სუბარმა მათ საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

დევნილებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად-1 ლარად, უკვე დაუკანონდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების პროცესი გრძელდება. 2015 წლის სექტემბრამდე, საცხოვრებელი ფართი ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

დაკანონების პროცესის პარალელურად, 2015 წლის თებერვალში ენერგეტიკის სამინისტრომ ხონის სამხედრო დასახლების სრული გაზიფიცირება მოახდინა.

დღესვე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, სტივენ ჰეიკინმა კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილ ოჯახებს გაზის გამათბობლები გადასცა.

USAID-ის დაფინანსებით გაზის გამათბობლები 450 ოჯახში დამონტაჟდება, გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყობა ახალი სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის და სპორტული მოედანი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ უკლებამ უკრაინულ მედიას რუსეთის პროვოკაციული ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი – გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას მირჩევნია, პირდაპირ მივიღო ინფორმაციები