სოზარ სუბარი: არ უნდა მომხდარიყო ეს არეულობა და გადადება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხუთშაბათს მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე პრემიერთან, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო შესაძლოა, ეს შეხვედრა გადაიდოს.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო ჰუმანიტარულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეს არის აფხაზეთში დარჩენილი მიცვალებულების საკითხი.
“ეს არის ერთადერთი დიალოგის ფორმატი, რომელიც ქართულ მხარეს აქვს დე ფაქტო ხელისუფლებასთან”, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები არ გადადებულიყო და გრაფიკები არ არეულიყო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ უნდოდა პრემიერს მინისტრების დამტკიცება დაჩქარებული წესით მომხდარიყო.
“ამაზე არსებობდა წინასწარი კომუნიკაცია როგორც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, ისე უმრავლესობის ლიდერსა და პრეზიდენტს შორის. თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო და არ უნდა მომხდარიყო ეს არეულობა და გადადება. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შესაბამისად დაგვეგმოთ ჩვენი მომავალი ვიზიტები, მთავრობა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, უბრალოდ შეიძლება მოხდეს ზოგიერთი ვიზიტის თარიღის შეცვლა. მე მაგალითად არ ვიცი როდის იქნება პარლამენტში დამტკიცებები და თუ დაემთხვევა ჩემს შეხვედრას, ბუნებრივია, მე მომიწევს ან გადადება ან ცვლილების შეტანა”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე: მთავრობის ყველა წევრი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილსა და მინისტრებს შორის შეხვედრა დასრულდა