სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 20 მაისი სავარჯიშო დღეა, მოსწავლეებს სკოლებში ნებაყოფლობით მისვლა, ტესტური დავალებების ნახვა და პროგრამის მუშაობის შემოწმება შეუძლიათ. პასუხები მათ შედეგებზე არ აისახება.

მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22, 23, 24 მაისს ჩააბარებენ. 25 მაისი სარეზერვო დღეა. გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ.

მე-11 კლასელების გამოცდები ამ დროისთვის არსებული გეგმის თანახმად, 16 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. ე.წ. სავარჯიშო დღე 15 ივნისია. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. გამოცდები 16, 17, 18, 19 ივნისს ამავე თანმიმდევრობით ჩატარდება შემდეგ საგნებში – გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. 20 ივნისი სარეზერვო დღეა.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. გამოცდებზე დაახლოებით 40 000 მე-12 და 41 500 მე-11 კლასელი გავა.

გამოსაშვები გამოცდები CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება.

banner
წინა სტატიაშისიღნაღში 16 ათასზე მეტი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს
შემდეგი სტატიახანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს დახმარება გადაეცემათ