სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა სოფელ იყალთოში

სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა სოფელ იყალთოში

 სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა სოფელ იყალთოშისაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობას ახორციელებს. დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც „ქვევრის სახლი„ უნდა აშენდეს კაფსულა ჩაიდო, ალავერდის მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა კი სამშენებლო მოედნის საძირკველი აკურთხა. ქვევრის სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან ახლოს შენდება და მისი ღირებულება 2 290366,37 ლარია. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.

კაფსულის ჩადებასა და საძირკვლის კურთხევას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი და მისი პირველი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ,საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ალავერდის მიტროპოლიტი მეუფე დავითი ესწრებოდნენ.

პროექტის ძირითადი ბენეფიციარები კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები იქნებიან, სადაც ისინი გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებს და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნებულ იქნეს უძველესი ტრადიციები.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოების გამო. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული, რაც პროექტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც რეგიონს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. გარდა ამისა, 2016 წლის სექტემბრამდე მშენებლობის პროცესში 70 ადამიანი იქნება დასაქმებული.

პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო , კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. ამას გარდა, ობიექტს ექნება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. „ქვევრის სახლში“ ასევე იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ამასთან, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი. პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემის მოწყობა. ამას გარდა, ტერიტორიის კეთილმოწყობა მოხდება. „ქვევრის სახლის“ სკოლა-სახელოსნო კომპლექსურ ნაგებობათა ტიპს განეკუთვნება.

banner
წინა სტატიაშიუეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ 09:00 საათიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე : 28 მილიონის გაფლანგვა თუ არ უნდოდათ, ნუ გაფლანგავდნენ