სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი ხელოვნების სასახლეს გადაეცა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა, ხელოვნების უნიკალური ნიმუში “სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი” შეიძინა.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ძვირფასი ტილო სერგო ქობულაძის ნათესავის, მხატვარ ილია ტატიშვილის ოჯახში ინახებოდა.
“საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხანძრის შემდეგ, მხატვარმა ფარდის აღდგენა გადაწყვიტა და მეორე ესკიზის შექმნა დაიწყო, თუმცა ქობულაძემ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ესკიზი მისმა დეიდაშვილმა და ასისტენტმა ილია ტატიშვილმა დაასრულა.
ნახატი რეპინისეულ ტილოზე, კვერცხის გულით დამზადებული საღებავებითაა შესრულებული.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძისა და მინისტრის მოადგილეების აქტიური მხარდაჭერით, “სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი” ხელოვნების სასახლეს გადაეცემა და ეროვნული მემკვიდრეობის განუყრელ ნაწილად იქცევა. ხელოვნების სასახლეში სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული ოპერის ფარდის პირველი ესკიზიც ინახება.
დაინტერესებულ პირებსა და მკვლევარებს საშულება ექნებათ სრულად გაეცნონ ოპერის ფარდის შექმნისა და აღდგენის უნიკალურ და სრულ ისტორიას”, -ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა
შემდეგი სტატიარამდენ მილიარდს კარგავს ბიუჯეტი, რაზე ამბობს უარს მთავრობა და რა საფრთხეს ქმნის ენგური?! (წერილი პირველი)