საჯარო სამსახურებში პირების შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმება იქნება შესაძლებელი

parlamenti

საჯარო სამსახურში პროფესიული საჯარო მოხელეების საქმიანობის გარდა, პირების შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით მიღება იქნება შესაძლებელი.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით პირთა მიღება გამარტივებული კონკურსის საფუძველზე განხორციელდება. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება მიენიჭება.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტის შემოღებას, ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლება ექნება, შეხედულებისამებრ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო სამსახურში პირი უკონკურსოდ აიყვანოს. საკანონმდებლო პროექტით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის მიღების მიზანს დარგობრივ/სექტორული რჩევების მიცემა, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარება და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულება წარმოადგენს.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. სსიპ-ების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა მიღება საჯარო სამსახურში გამარტივებული კონკურის საფუძველზე განხორციელდება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონპროექტი ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი საჯარო სამსახურის ბიუროა. ის პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კამათით წარიმართა.

banner
წინა სტატიაშისპორტის მინისტრმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი გაბელია წარადგინა
შემდეგი სტატიაუკრაინაში რადიკალებმა დეპუტაობის კანდიდატი შოუმენი სცემეს (VIDEO)