სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ წარმოადგენს მთავრობის წევრს და პოლიტიკური თანამდებობის პირს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის იმ ძველი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც ახლო წარსულში უშიშროების სამინისტროს სახით არსებობდა , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე წარდგენილმა ვახტანგ გომელაურმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“სხვაობას საქართველოს მთავრობისგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცული სამსახურის ხელმძღვანელი და გარე კონტროლის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული, როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებები. განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების შედეგად, ჩვენს ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საპარლამენტო კონტროლის მოქნილი მექანიზმის საშუალებით, სამსახურის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპებს და იხელმძღვანელებს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ნების გათვალისწინებით. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ წარმოადგენს მთავრობის წევრს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ ეხება არც საარჩევნო და არც მთავრობის უფლებამოსილების ვადები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, დაკისრებული მოვალეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანებულია კონტრდაზვერვისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები, კონტრტეროტისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული სააგენტოები.
“მოცემულ კონტექსტში ხაზგასასმელია ის გარემობაც, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია შიდა და საგარეო დაზვერვა. უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ შიდა დაზვერვის განხორციელება ეკისრება”, – აღნიშნა გომელაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით პარლამენტი ამტკიცებს. მისი კანდიდატურის კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმე უნდა მქონდეს ბერკეტი, რომ ვმართო და სად ხედავთ თქვენ ბერკეტს?
შემდეგი სტატიაგითანაგრძნობთ, თქვენი შვილის მკვლელობის გამო -მოსამართლე ცისანა ვაზაგაშვილს