,,სახელმწიფოს ჩარევაზე საუბრობენ ის ადამიანები ვინც ჩუმად იყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ”

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, რაც ფინანსურ ჩარევაში გამოიხატება, ფეხბურთის გაძლიერება წარმოუდგენელია.

როგორც “პირველი TV”-ის ეთერში გადაცემა „რვიანში“ ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფეხბურთი გაძლიერდეს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„თქვენ იცით, რომ არის შექმნილი ფეხბურთის განვითარების კომისია. ჩვენ არაერთხელ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს. ყველა კანდიდატს ვეთანხმები იმაში, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია ფეხბურთის გაძლიერება, რადგან ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ დღეს. მნიშნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ეროვნული ჩემპიონატი, ბავშვთა ფეხბურთი, ამიტომ სახელმწიფოს ჩარევა აუციელებელია. ამაზე მე გავაკეთე განცხადება, რასაც ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია მისცეს. ამ ჩარევის გარეშე და ფინანსური დახმარების გარეშე, რთული იქნება ფეხბურთის განვითარება და იქიდან ამოყვანა სადაც არის“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რა ფულს დახარჯავს სახელმწიფო, კალაძე აცხადებს, რომ ის თანხები, რასაც მუნიციპალიტეტები კლუბებზე გასცემენ ფეხბურთის განვითარების ფონდში უნდა მობილიზდეს და ყველა გუნდზე თანაბრად გადანაწილდეს.

„ვიცით დაახლოებით რა თანხები იხარჯება დღეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანხა უნდა მოვიდეს ფეხბურთის განვითარების ფონდში და გადანაწილდეს ყველა გუნდზე თანაბრად. კონკრეტულად იქნება გაწერილი თუ რა მიმართულებით უნდა იყოს დახარჯული“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლევან კობიაშვილს, კახა კალაძესთან მეგობრობის გამო ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს, კალაძე აცხადებს, რომ ეს ასე არ არის.

„ხშირად გარკვეული ძალები ამბობენ, რომ კობიაშვილი რადგან ჩემი მეგობარია ხელისუფლებიდან აქვს მხარდაჭერა. ის მართლა ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და მეამაყება, რომ ასეთი ღირსეული ადამიანი ჩემი მეგობარია. ის სუფთა წარსულის მქონე და კარგი ადამიანია. როდესაც იქნა გაცხადებული, თუ ვინ იქნებოდნენ კანდიდატები, მე მაქსიმალურად ვიკავებ თავს კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. არჩევნების მერე ვისაუბრებ ამაზე, რადგან ახლა ზეწოლად არავინ ჩათვალოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ წარსულში, ბოლო წლების განმავლობაში ერთ წრეზე ვტრიალებთ, ერთი და იგივე ადამიანები, ეს ცუდია, ფეხბურთის განვითარება არის მთავარი“, – განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით, იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო კონკრეტულ პიროვნებებზე ზეწოლას ახორციელებს, იმ ადამიანებისგან ისმის, ვინც წარსულში ამას თავად აკეთებდა.

„საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო კონკრეტულ პიროვნებებზე ზეწოლას ახორციელებს, ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანებისაგან ვინც გარკვეული წლების განმავლობაში ბატონი სიჭინავა მოგვიყვანა და დაგვისვა, ახალკაცი მოგვიყვანა და დაგვისვა და დღეს სახელმწიფოს ჩარევაზე საუბრობენ ის ადამიანები ვინც ჩუმად იყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ. ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ამ აბსურდული განცხადებებისგან და ვიფიქროთ ფეხბურთის განვითარებაზე“, – განაცხადა კალაძემ “პირველი TV”-ის ეთერში გადაცემა „რვიანში“.

banner
წინა სტატიაშითამაზ კირაკოზაშვილმა ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიააქცია ივანიშვილის სახლთან–პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა