სახალხო დამცველმა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საკანონმდებლო წინადადება 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
“მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას სახალხო დამცველის მუშაობის შედეგები, ინდივიდუალური საქმის წარმოების პროცესის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები და საკითხის გამოკვეთილი აქტუალობა დაედო საფუძვლად. საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. დღემდე მოქმედი რედაქცია საშუალებას აძლევდა არასრულწლოვან პირებს მათი ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ.
გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე სასამართლომ იმსჯელოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამ ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია გაიზიარა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიპარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური მიხეილ სააკაშვილის გადადგომით დაინტერესდება
შემდეგი სტატია“კრისტის” აუქციონის ადმინისტრაცია – “კრისტის” აუქციონის სახლი კმაყოფილია, რომ ფიროსმანის შედევრი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა