სახალხო დამცველი სექსისტური ხასიათის სარეკლამო რგოლების აკრძალვის საჭიროებას ხედავს

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის შეფასებით, შემაშფოთებელია მედიასივრცეში სექსისტური გამონათქვამებისა და რეკლამების ტირაჟირება.
ამის შესახებ ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამია, სადაც სახალხო დამცველი ტელესივრცეში სექსისტური შეხედულებებისა და რეკლამის ამკრძალავი საკანონმდებლო ნორმების შემოღების საჭიროებაზე მიუთითებს.
დოკუმენტში აღნიშნიულია, რომ სახალხო დამცველმა “საქართველოს ბანკს” მათი სარეკლამო რგოლის სექსისტურ ხასიათთან დაკავშირებით მიმართა და მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავონ სექსისტური შინაარსის შემცველი სარეკლამო რგოლების დამზადება–გავრცელებისგან და სარეკლამო რგოლების მომზადების დროს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ქალის ღირსებისადმი პატივისცემას და მის წარმოჩენას მამაკაცის თანასწორად.
ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიასივრცეში არსებული რეკლამებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია სტერეოტიპი ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით – რეკლამები, სადაც ქალები განასახიერებენ დიასახლისებს, რომლებიც სახლის საქმეებით არიან დაკავებული; რეკლამას უკეთებენ საკვებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. სახალხო დამცველის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა რეკლამა ამტკიცებს შეხედულებას, თითქოს ქალისათვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი აქტივი სილამაზეა, მაშინ როდესაც რეკლამებში კაცის ძირითადი მახასიათებელი ავტორიტარიზმი და განათლებაა.
“ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას იმ პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას, ან მამაკაცის და ქალის როლის სტერეოტიპულ გააზრებას. ნეგატიური სტერეოტიპების დასამსხვრევად და გენდერული თანასწორობის გაზრდის მიზნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის 1751 რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, კანონმდებლობაში შეიტანონ დისპოზიციები, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე რეზოლუციის თანახმად, მედიაში გამოყენებული სექსისტური სტერეოტიპების გავლენა საზოგადოებრივ და განსაკუთრებით, ახალგაზრდების აზრის ფორმირებაზე, სავალალოა. ეს სტერეოტიპები უკვდავყოფენ ქალისა და კაცის მარტივ, უცვლელ, კარიკატურულ იმიჯს; ისინი ამართლებენ ყოველდღიურ სექსიზმს და დისკრიმინაციულ პრაქტიკას და შეუძლიათ გააადვილონ ან გაამართლონ გენდერული ნიშნით ძალადობა. ამასთან, ევროსაბჭომ 2002 წლის 1555-ე რეკომენდაციით – “ქალის სახე მედიაში” – მოუწოდა სახელმწიფოებს კანონმდებლობაში დანერგონ “სექსიზმის” კონცეფცია, რომელიც განისაზღვრება, როგორც ადამიანთა ღირსების იგნორირება მათი სქესის საფუძველზე. ევროპის პარლამენტის 2013 წლის 12 მარტის “გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის შესახებ” რეზოლუციის შესაბამისად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც ადგილი აქვს მედიაში, მაუწყებლობასა და სარეკლამო სფეროში, აადვილებს გენდერული სტერეოტიპების გადაცემას; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ქალებს წარმოადგენენ როგორც გაყიდვის მიზნით სტიმულის მისაცემ სექსუალურ საგანს. ამავე რეზოლუციის შესაბამისად, ბავშვები, მედია საშუალებებში გენდერთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ძალიან დაბალი ასაკიდან აწყდებიან, რაც გავლენას ახდენს მათ წარმოდგენაზე, თუ რა ქცევებით უნდა ხასიათდებოდეს ქალი და მამაკაცი; იმ შეხედულებებზე, რაც ბავშვებს აქვთ საკუთარი თავის შესახებ, მათი ოჯახის წევრებზე, გარე სამყაროზე. მედია საშუალებებში განსახიერებული სტერეოტიპები ამცირებს საზოგადოების პატივისცემას ქალთა მიმართ და ხელს უწყობს მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.
სახალხო დამცველის შეფასებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდეს შესაბამისი რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს სარეკლამო რგოლების მომზადებისა და ტელესივრცეში გავრცელების დროს სექსისტური შეხედულებების აკრძალვას.

banner
წინა სტატიაში“თაიმსი” – მარტის დასაწყისში პუტინი ავად იყო
შემდეგი სტატიაჩემი მისია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა – აცხადებს თიბილოვი