სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველმა 17 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე ლ.ლ–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
საქმე ეხება 2011 წლის 18 მარტის შემთხვევას, როდესაც, მოქალაქე ლ.ლ–ს მტკიცებით, ის უცნობმა პირებმა დააკავეს და პროკურატურაში მიიყვანეს.
“ადგილზე მისულს პროკურატურაში განუმარტეს, რომ თუ ლ.ლ. გადაიხდიდა ჯარიმის სახით 15 მილიონ ლარს (რომელიც მოგვიანებით შემცირდა 12 მილიონ ლარამდე), ბანკი, რომელშიც აღნიშნული მოქალაქე იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობას, შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, მასთან ერთად დააკავებდნენ ბანკის დირექტორატის და ფონდის გამგეობის წევრებს”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, თანხის გადარიცხვა ფონდის მიერ საქართველოს ბიუჯეტში მეორე დილით, 19 მარტს მოხდა, თუმცა ქვითარი 18 მარტით დათარიღდა. თანხის გადარიცხვის მიზნად ლ.ლ-ს ჯარიმის გადახდა მიეთითა.
“სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: ლ.ლ. ცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 მილიონი ლარის ოდენობით”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, თანხის სახელმწიფოსთვის გადარიცხვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე და განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, შესაძლოა მიუთითებდეს მოქალაქე ლ.ლ.–ს მიმართ საჯარო მოხელეების მხრიდან განხორციელებულ იძულების ფაქტზე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების დაწყების საფუძველია.

banner
წინა სტატიაშიSOCAR Georgia Gas აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიაკრემერი – ქართველებს შეუძლიათ მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი ჩუმად ეძებონ, მაგრამ ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ