სახალხო დამცველის შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2014 წლის ანგარიშში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ დადებით ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. უჩა ნანუაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები უნდა გამოიყოს, როგორც დადებითი ტენდენცია და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია.
სამინისტროს ცნობით, ანგარიშში აღიშნულია, რომ პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს.
“საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილ ინსტიტუციურ რეფორმას და ყურადღება გაამახვილა 2014 წლის განმავლობაში პატიმრობის კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმადაც, უსაფრთხოების რისკის მიხედვით, განისაზღვრა ოთხი ტიპის დაწესებულება, სადაც პატიმრებს აქვთ დიფერენცირებული უფლებრივი მდგომარეობა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესდა. უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივა და განსახილველ კანონის პროექტს დაემატა შესაბამისი დებულება, რომელიც მინისტრის ბრძანებით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ანიჭებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფოტოგადაღების განხორციელების უფლებამოსილებას”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და ჯანდაცვის გაზრდილი დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახადა სამედიცინო პერსონალისათვის ხელფასების გაზრდა და პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყველა დაწესებულებაში. ასევე, სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოს გახსნა, ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის განახლება. C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დაწყება.
“უჩა ნანუაშვილი დადებითად მიიჩნევს რეფორმით შემოთავაზებულ ინიციატივას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებას. ასევე განვლილ წლებთან შედარებით რიგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუმჯობესებულ ფიზიკურ გარემოსა და სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. საქართველოს სახალხო დამცველმა ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია მსჯავრდებულთა რისკების შეფასების და პერიოდული გადაფასების სისტემის შემოღება და მიესალმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას, დარეგულირდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის საკითხი”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველი ასევე პოზიტიურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის გაზრდა (2012 წელი -102 მსჯავრდებული, 2014 წელი- 804 მსჯავრდებული) მისასალმებელია და აუცილებელია ამ დადებითი ტენდენციის შემდგომი გაძლიერება.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, 2014 წელს დასრულდა პენიტენციური ჯანდაცვის 18 თვიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო თავად ცდილობს გამოავლინოს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარვეზები, რაც 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ რეკომენდაციად იყო მოცემული.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიესალმება ქალი პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების მზარდ პრაქტიკას და დადებითად აფასებს N 5 ქალთა დაწესებულებაში დისციპლინური სასდჯელის სახით სამარტოო საკანში მსჯავრდებულთა მოთავსების შემცირებულ პრაქტიკას.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში აღინიშნება პროგრესი და ბევრი შენიშვნა, რომელიც გასული წლის ანგარიშში იყო გაცემული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაითვალისწინა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ხაბაძე – 2016 წლის ოქტომბრამდე, სანამ მორიგი არჩევნები არ იქნება, მე დავრჩები ჩემს პოზიციაზე
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლოა, ვახტანგ გომელაურმა ან მინდია ჯანელიძემ უხელმძღვანელონ