სახალხო დამცველის აპარატი – გასულ წლებთან შედარებით ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაიზარდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ” 2014 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები წარადგინეს.
როგორც “თაიმერს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია უკვე რამდენიმე წელია მეორდება, ვინაიდან, მიუხედავად აქტუალობისა, ადრესატებს ისინი კვლავ არ გაუთვალისწინებიათ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 15 სამინისტროსა და მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის რეკომენდაციებისადმი თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. მათი განცხადებით, ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულების პროცესშია, თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბევრი რეკომენდაცია რეალურად შეუსრულებელია.
“გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მაჩვენებელი, მაგრამ კვლავ უამრავი პრობლემური საკითხია წამოჭრილი, რომელთა მოსაგვარებლად სახალხო დამცველისა და ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური თანამშრომლობა და ინტენსიური მუშაობა არის აუცილებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისპორტის სასახლის მშენებლობა შესაძლოა, ოლიმპიადამდე ვერ დასრულდეს
შემდეგი სტატია26 მაისისთვის გზებზე შეზღუდვები წესდება