“საქმე სააკაშვილს და მის მიმართ სიძულვილს კი არა, ქვეყნის მომავალს ეხება”

სარიშვილი

,,მსოფლიოში პოლიტიკურ გავლენათა გადანაწილების ახალი, შესაძლოა, გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო.
მაქსიმალურად გამარტივებულად, ისე, რომ აზრი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, შევეცდები არსებული მდგომარეობის შეფასებას.
აშშ, განსხვავებით, ევროპისგან, უჩვეულოდ გააქტიურებულია, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ნაბიჯები მიუთითებს (პოლიტიკური განცხადებები, ცვლილებები ფიფა–ში და ა.შ.).
ახალი ეტაპის ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილად განიხილება პოლიტიკური დატვირთვის მქონე საკადრო ცვლილებები დნესტრისპირეთში, რეგიონში, რომლის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა არ იყო მხოლოდ პოროშენკოს და სააკაშვილის გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, დნესტრისპირეთი სამხრეთ ოსეთი არ არის, რომ იქ აშშ–მ რაიმე ტაქტიკური მოსაზრებით რუსეთის გავლენის გამარჯვება დაუშვას: დნესტრისპირეთის დახსნა რუსეთის გავლენის სფეროდან აშშ–ს სტრატეგიაა და არა ტაქტიკა.
ეს მშვენივრად იცის რუსეთმა და აბსოლუტურად ადექვატურად რეაგირებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნაზე: ეს დღეები სრულიად რუსეთი მოიცვა სააკაშვილის საწინააღმდეგო ისტერიულმა პროპაგანდამ: გაუჩერებლად ტრიალებს ე.წ. “ჰალსტუხის” კადრები, სხვა ფოტო და ვიდეო მასალები, რომელთა ფონზეც რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები არნახული ცინიზმით, სარკაზმით და სიძულვილით ნიღბავენ საკუთარ საფუძვლიან შიშს, უფრო სწორად, პანიკას, მოსალოდნელი პერსპექტივის მიმართ.
სამწუხაროდ, რუსეთისგან განსხვავებით, სრულიად არაადექვატურია საქართველოს რეაქცია მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად რუსეთის ერთადერთი მოკავშირე გამოდის.
ეხლა ამ გამარტივებული, მაგრამ მაინც სერიოზული აღწერიდან გადმოვინაცვლოთ საქართველოში.
თუ თვალს გადავავლებთ ქართული საზოგადოების რეაქციას მიმდინარე მოვლენებზე, სულ ცოტა, ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებით, სამარცხვინო რომ არ ვთქვა.
საქართველოს ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს რუსული აგრესიული პროპაგანდის ლექსიკას და ამაში რთავს მის მიერვე დამშეულ და სააკაშვილისადმი სიძულვილით მართულ საზოგადოებას, რითაც ის უპირისპირდება დანარჩენ სამყაროს და საქართველოს პერსექტივაში რუსეთის გარდა სხვა არჩევანს არ უტოვებს.
მე ამ შემთხვევაში მაფიქრებს საზოგადოება და არა ხელისუფლება, რომელმაც ზუსტად იცის. რას აკეთებს!
ხელისუფლების პოზიციის გარდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს საზოგადოების პოზიცია და თუ ის ადექვატური იქნება, ამან შეიძლება იხსნას საქართველო საფრთხისგან, რომელიც მთელი სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში ხელახლა დამკვიდრებაში მდგომარეობს.
კიდევ ერთხელ გეკითხებით, სამართლიანად თუ უსამართლოდ სააკაშვილის მაგინებლებო:
ვერ ხვდებით, რომ აქედან ოდესის მიმართულებით მუშტების ქნევა და წკავწკავი სააკაშვილს ვერაფერს დააკლებს? თუ მართლა გგონიათ, რომ აქედან მხართეძოზე წამოწოლილები მსოფლიო პროცესებზე იმოქმედებთ, ან ოდესაში სამართლიანობის სადარაჯოზე დადგებით? ვერ ხვდებით, რომ საქმე სააკაშვილს და მის მიმართ სიძულვილს კი არა,ქვეყნის მომავალს ეხება? არ შეგიძლიათ გადასძლიოთ საკუთარი თუნდაც საფუძვლიანი აგრესია? გაჩუმდით მაინც! რუსეთს ეხმარებით???
თქვენც გეკითხებით, სააკაშვილის სტაჟიანო აგრესიულო მომხრეებო (ვისაც ეს ეხება), რომლებიც ყველაში და ყველაფერში საეჭვოს და მიუღებელს ხედავთ! რა მნიშვნელობა აქვს დღეს თქვენს ეჭვებს, თუ ამ შემთხვევაში კონკრეტული პოზიცია თქვენსას ემთხვევა? რა გინდათ? მარტო დარჩეთ თქვენს ერთგულებასთან და სიმართლესთან ერთად? ვერ ხვდებით, რომ აქ სააკაშვილში და მის სიყვარულში კი არა, ერთიან ძლიერ პოზიციაშია გამოსავალი? ვინ გიყვართ თქვენ, სააკაშვილი თუ თქვენი თავი და ადგილი მის გვერდით? გქონდეთ თქვენი ეჭვები, არც არავის ენდოთ, იამაყეთ თქვენი უშეცდომო, დაუსვრელი წარსულით, მაგრამ ეხლა ყველაზე მთავარს, საქართველოს მომავლისთვის ერთად დგომას ხელს ნუ უშლით!
უკვე მერამდენედ ჩემი მხრიდან ვცდილობ ავხსნა, რაშია საქმე, თითქმის სამზარეულოს ენაზე გელაპარაკებით! დღეს ყველა უნდა დავდგეთ ერთად, იმის მიუხედავად, ვის რა დოზით გვიყვარს ან გვძულს სააკაშვილი!
თვითონ სააკაშვილს აქედან წასული ქება ან გინება დაახლოებით იმდენს შესძენს ან დააკლებს, რამდენსაც მოწინააღმდეგის მოედანზე მოთამაშე ფეხბურთის გუნდს! მეტს არა!
ჩვენმა ერთად დგომამ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე უნდა იმოქმედოს და განსაზღვროს, რას ირჩევს საქართველო: პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსეთს, რომელსაც არათუ ჩვენი პრიორიტეტების გადაწყვეტა არ შეუძლია, არამედ მტერია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და განვითარების; თუ სამყაროს, რომელიც განვითარების საკუთარი დონით ჩვენც გვაძლევს ანალოგიურ საშუალებას და რომელიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რისი აღდგენაც მხოლოდ ძლიერ, მიმზიდველ საქართველოს შეუძლია!
ერთად უნდა დავდგეთ!!! რა არის აქ გაუგებარი, სააკაშვილის მადიდებლებო და მაგინებლებო?!
და თუ კოვზით ამოსაფხეკი ტვინი მაინც დაგვრჩა თავში, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი დაქსაქსულობა და ურთიერთლანძღვა ისევ ჩვენ დაგვღუპავს და არა სხვას!
ჩვენი ერთად დგომა და სწორი პოზიცია ჩვენ თვითონ გვჭირდება და არა სხვას!
ვერ მივხვდებით და ჩვენ თავს დავაბრალოთ ყველაფერი!!!
სტატუსი: საქართველო უპირველეს ყოვლისა!,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში 10 წლის ბავშვი გააუპატიურეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია და უკვე შალვა ნათელაშვილს გადააჭარბა