საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის დეკლარაციაში.

შეზღუდვები რუსეთს ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო დაუწესდა და ევროპულმა საბჭომ მისი მოქმედება ერთი წლით გაახანგრძლივა.

მინისტრთა კაბინეტის ნაწილს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

„მე არ ვარ ევროკავშირი, მე გახლავართ საქართველოს მინისტრი. შესაბამისად, გეუბნებით, რომ მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა,“ – განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კი აღნიშნა, რომ საქართველო ამ სანქციებს მისი მიღებისთანავე შეუერთდა, ახლა კი მისი 1 წლით გახანგრძლივება მოხდა.

უცნობი რჩება, რა ნაწილში უერთდება ამ სანქციებს საქართველო.

ევროინტეგრაციის მინისტრმა, დავით ბაქრაძემ, არ გააკეთა კომენტარი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ ეკონომიკურ სანქციებზე უარი თქვა.

მან დაადასტურა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სანქციათა ნაწილს ქვეყანა არ შეუერთდა.

დეკლარაციის თანახმად, საქართველოსა და უკრაინის გარდა სანქციებს შეუერთდნენ: მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ისლანდია და ნორვეგია. ევროკავშირმა რუსეთს შეზღუდვები შარშან ივლისში დაუწესა, სექტემბერში კი ზომები გაამკაცრა.

სანქციები ვრცელდება ენერგეტიკის, თავდაცვის, ფინანსურ და ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობის სფეროებზე.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციისთვის რუსეთს ასევე დაწესებული აქვს ეკონომიკური სანქციები, რომელიც ევროკავშირმა ძალაში 2016 წლის იანვრის ჩათვლით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი: ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტს ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს