“საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “ქვეყანა ურთულეს ვითარებაში და ჭაობში აღოჩნდა, რომელიც გაცილებით უარესია, ვიდრე თუნდაც ტირანულ ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლა”.

მისი თქმით, როგორც საბჭოთა პერიოდში გვპირდებოდნენ, რომ შევიდოდით კომუნიზმში, ასე გვპირდებიან დღესაც, რომ შევალთ ნატო-სა და ევროკავშირში. ამასთან, მისივე განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

„არაფერი შეცვლილა რუსეთთან ურთიერთობების კუთხით, შეცვლილია მხოლოდ რიტორიკა და არა გლობალური მიდგომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, როცა ამბობდა, რომ დაალაგებდა რუსეთთან ურთიერთობას. არც ერთი სერიოზული მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე, არც ერთი რადიკალურად მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვეტილი არ ყოფილა ამ სამი წლის განმავლობაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, იყო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა უნიკალური გეგმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებისა, თუმცა ეს გეგმა და მით უფრო, მისი განხორციელება, დღემდე არავის უნახავს.

„ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ეს უნიკალური გეგმა არავის გვინახავს. ჩვენ მივიღეთ რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რომელიც მოყვა ივანიშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებებს. ჩვენ უკან დავიხიეთ, როგორც ტერიტორიული პრობლემების მოგვარების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კუთხით და ქვეყანას არც ერთი მიმართულებით ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს“, -აღნიშნა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, 3 წლის განმავლობაში საქართველო პრაქტიკულად წაიშალა საერთაშორისო დღის წესრიგის რადარებიდან და ერთადერთი, რასაც საქართველოს აქტუალურს ხდის ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“, რაც საგარეო პოლიტიკის სრული კრახია. ამასთან დასძინა, რომ საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა ანგარიში წარადგინა