საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის წარმომადგენლობა იმყოფება

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის წარმომადგენლობა იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დელეგაცია, რომელსაც ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლასლო ჟაბო ხელმძღვანელობს, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.
ვიზიტის მიზანი მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე “Agile Spirit 2015” დასწრება, საქართველოში ნატოს სწავლებების ჩატარების საკითხების განხილვა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობაა.
როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გენერალი ჟაბო საკმაოდ კმაყოფილია არსებული ვითარებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სტატუსით და ახალი საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების მიზნით წარმოებული სამუშაოებით. გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
“ეს არის სამუშაო პროცესი. დამერწმუნეთ, ბრიგადის გენერალი ლასლო ჟაბო ხშირად ჩამოვა საქართველოში და მისი ვიზიტი აუცილებლად წაადგება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებას”,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილის განცხადებით, საქართველოში მის ვიზიტს კონკრეტული მიზნები აქვს.
“საქართველოში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე “Agile Spirit 2015″ დასასწრებად ჩამოვედი. განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საკითხიც, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოსთან თავსებადობის მიღწევაში დაეხმარება”,- განმარტა ლასლო ჟაბომ.
ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის და მისი დაქვემდებარებული შტაბების წარმომადგენლები საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოწვევით ჩამოვიდნენ.

banner
წინა სტატიაშიისნისა და სამგორის მოსახლეობისთვის უფასო კონცერტები ჩატარდება
შემდეგი სტატიაპანორამა თბილისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს