,,საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი, არამედ ისლამურ სამყაროსთან ხიდი ხართ”

garibashviliსაქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხართ, არამედ თქვენ ხართ ხიდი ისლამურ სამყაროსთან, რაც გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმთა თემს, რომელსაც იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ქრისტიანების და მუსლიმების ისტორიულ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ტოლერანტობით გამორჩეული ქვეყანაა.
“ჩემო ძმებო, ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობა და ჩვენი ძმობა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყანა რელიგიური შემწყნარებლობით და ტოლერანტობით მართლაც გამორჩეულია და ქართული სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ემსახურება საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარებას და მის პატივისცემას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, ოფიციალური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველო, რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტობის კუთხით, გამორჩეული და სამაგალითო ქვეყანაა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას დაიწყო და ეს სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობის ყველაზე სწორი ფორმაა.
“სწორედ ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიდი წინაპრების ის ტრადიციული მიდგომები მუსულმანების მიმართ, ის ძმობა, სიყვარული და პატივისცემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და იარსებებს ჩვენს ქვეყანაში. ვიცი, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა სწავლობს მაგალითს, როგორ ვახერხებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას ქრისტიანები და მუსულმანები. ჩვენ გვაქვს ერთი საიდუმლო და სწორედ ამ საიდუმლოთი ვახერხებთ ასეთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას – ეს სიყვარულია. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. ღმერთი აერთიანებს და ჩვენ ყოველთვის ამ სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის გზით უნდა ვიაროთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ურთიერთობებში პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც არ არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა.
“მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს პრობლემები არ გვაქვს და არც გვექნება, რადგან ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი, ამ ქვეყნის, ამ მიწის შვილები, ასე, რომ მჯერა, ჩვენი სამშობლოს სიყვარული გაგვაერთიანებს და გააძლიერებს ჩვენს ქართულ სახელმწიფოს. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ დამდეგი რამაზან-ბაირამი. იცოდეთ, რომ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”, – მიმართა პრემიერმა მუსლიმ თემს.
საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამასიძემ და სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა.
მუფთის თქმით, დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, პრემიერს მუსლიმები უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია და მათი მასპინძლობა, მარხვასთან დაკავშირებულ ვახშამზე, ხელისუფლებაში ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნის დროს დაწესდა.
“ჩვენ, ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ყოველთვის ვიქნებით საქართველოს საიმედო დასაყრდენი. ჩვენ ყოველთვის გვჯერა, რომ თქვენი უშუალო მონაწილეობით საქართველოში ტრადიციული ერთიანობა შენარჩუნდება. მუსლიმები აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ, რომ პირადად თქვენ, ნამდვილი ქართველის აზრი დააფიქსირეთ ქართული ოჯახის ტრადიციულობასთან დაკავშირებით და, სამი ვაჟიშვილის მამამ, საკუთარი ოჯახიც აამაღლეთ და მთელი საქართველოც ერთ ოჯახად შეკარით. გულით ვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას. თქვენი ასეთი სამართლიანი, ზნეობრივი და სულიერი მუხტით დატვირთული მიდგომები ნამდვილად წაადგება მთელი საზოგადოების გაჯანსაღებას და ჰარმონიზაციას. გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას ყველა საქმეში”, – მიმართა მუფთმა ბეგლარ ქამასიძემ პრემიერს.

banner
წინა სტატიაშილატვია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ბანერების დადგმის გამო შეშფოთებულია
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები დადებითად შეფასდა