საქართველოში კიდევ ერთი რუსული კომპანია შემოდის?

საქართველოს ავტობაზარზე შემოსასვლელად რუსული “ავტოვაზი” ემზადება. “გაზელის” მარკის სპეცტექნიკის შემოსატანად კომპანია სახელმწიფო ტენდერში მიიღებს მონაწილეობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ავტოვაზის შემოსვლას აპროტესტებს.

მათი განცხადებით, რუსული კომპანია ტექნიკით ოკუპირებულ აფხაზეთს ამარაგებს, რაც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის უხეში დარღვევაა.

მესამე სექტორის ინფორმაციით, “ავტოვაზის” პრეზენტაციას “ივენთ ჰოლში” 1 თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ სამინისტროსა და “ავტოვაზს” შორის წინასწარი შეთანხმებაც შედგა, რის საფუძველზეც კომპანიამ ტენდერი უნდა მოიგოს.

„კომპანია “გაზგრუპი” ქართულ ბაზარზე უკვე ოფიციალურად შემოდის და მისი წარმომადგენელი ხდება კომპანია „სტრადა ავტო“. ეს კომპანია ოფიციალურად თანამშრომლობს აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარებს მათ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და ამით სრულ იგნორირებას უწევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,” – ამბობს “ტრანსპორტის და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი და დასძენს, “მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსგან საჯარო განმარტებას, თუ რატომ მიეცა ამ კომპანიას ქართულ ბაზარზე შემოსვლის უფლება“.

banner
წინა სტატიაშიახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიარა მოხდა ვარკეთილში ერთ-ერთ რესტორანში?