საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, რომ UEFA-გან ფულადი კომპენსაცია მიიღოს

ფეხბურთის ფედერაციაში, სუპერთასის ბილეთების სალარო სისტემით გაყიდვასთან დაკავშირებით, დილიდან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.

შეხვედრების მიზანია მაქსიმალური სიფრთხილით მოხდეს სუპერთასის ბილეთების სალარო სისტემით გაყიდვა.

“ფედერაციაში დილიდან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, რომ დაიგეგმოს და გაიწეროს განრიგი, როდის ვიქნებით მზად ბილეთების გასაყიდად. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო მეტი სიფრთხილით და ყურადღებით ვეკიდებით ამ თემას. ვცდილობთ მაქსიმალური მზაობა გვქონდეს იმ კონკრეტული დღისთვის, როცა გაყიდვებს დავიწყებთ. მოსამზადებელი ძალიან ბევრი რამ არის, პირველ რიგში ბილეთებია დასაბეჭდი, შემდეგ თანმდევი სამუშაოები”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

რაც შეეხება უცხოელ გულშემატკივრებს, ფედერაციის ინფორმაციით, წუხანდელი სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, მათთვის ბილეთებს ისევ biletebi.ge გაყიდის, თუმცა UEFA-ს საბოლოო გადაწყვეტილება, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნულ მომსახურებაში UEFA-სგან ფულად ანაზღაურებას, პრესსამსახურში ასეთ განმარტებას აკეთებენ:

“იმის გამო, რომ biletebi.ge ვეღარ შეძლო ბილეთების გაყიდვა, ფეხბურთის ფედერაციამ აიღო გაყიდვაზე პასუხისმგებლობა. არ არის გამორიცხული, რომ UEFA-მ, ფედერაციას ბილეთების გაყიდვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, კომპენსაციის სახით, გარკვეული თანხა გადმოურიცხოს. ამ ეტაპზე, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს, თუმცა შემდგომში, ამ ხარჯებს დაფარავს თუ არა UEFA, ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. პრაქტიკულად გამოდის ისე, რომ ახლა ჩვენ UEFA-ს იმ მომსახურებას ვუწევთ, რაც უნდა გაეწია სხვა კომპანიას”, – აცხადებენ ფედერაციაში.

ამასთან, ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება სალაროებში სუპერთასის ბილეთების გაყიდვა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით, კვლავ გადაჭარბებით შესრულდა
შემდეგი სტატიავანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია