საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მოსამართლეებს მოუწოდებს, პატივი სცენ ადამიანების უფლებას, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, შესაძლოა, აღქმული იყოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება. ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხოს და ასევე იძულებულია, შეახსენოს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა ასევე წარმოადგენს სიხლის სამართლის დანაშაულს.
“როგორც მოგეხსენებათ, “გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა მოსამართლეების სახლებთან რამდენიმე ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი აქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ატარებდა აგრესიულ ხასიათს, რომელზეც ისმოდა მოსამართლეთა მიმართ შეურაცხყოფის, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. ქალაქ ბათუმში ასევე ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლის შესასვლელის ბლოკირებასა და ფანჯრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლას.
ხშირ შემთხვევაში აქციების ორგანიზატორებისთვის ცნობილი იყო, რომ საცხოვრებელ სახლებთან ორგანიზებული აქციის დროს თავად მოსამართლეები იქ არ იმყოფებოდნენ და, ამდენად, მუქარისა და ანგარიშსწორების ადრესატები ხდებოდნენ მოსამართლეთა ოჯახის წევრები. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს.
ასეთ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მოსამართლეებს მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანების უფლებას, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, შესაძლოა აღქმული იქნეს მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება.
უდავო ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება. ყველასთვის გარანტირებულია კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე თითოეული მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც შესაძლოა იყოს შემაწუხებელი და უსიამოვნო. ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოსამართლის სახლთან შეკრებილი პირების მხრიდან მუქარის, ძალადობისკენ მოწოდებისა და სახლის ფანჯრებში სხვადასხვა საგნების სროლის გამოხატვის თავისუფლებად შეფასება გარკვეულ კითხვებს აჩენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, მოახდინონ სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელთაც შესაძლოა წაახალისონ ძალადობა, ხელი შეუშალონ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

“მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე, თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას. აქ რაიმე სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოს, მაგრამ მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს უფლებას, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში თავისი მოსაზრება გამოხატონ. შევეგუოთ იმას, რომ ხშირად, ჩვენი გადაწყვეტილებები ყველას მიერ მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა. სასამართლოში ადამიანები იმიტომ არ მიდიან, რომ იქიდან ყველა ბედნიერები გამოვიდნენ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიSkype დღეს ხარვეზებით მუშაობს
შემდეგი სტატიარუსული მედია ლეგენდარული მომღერლის ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოებს აქვეყნებს