საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა.
როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართული. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით.
ახლად შექმნილ საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.
უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიწლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა
შემდეგი სტატია