საქართველოს რკინიგზას რუსეთი იყიდის?

„საქართველოს რკინიგზა მთავრობის ხელში ჯერ-ჯერობით წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მინორიტარული წილი არ გავასხვისოთ,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა.

რკინიგზის 25%-იანი წილის გაყიდვას ექსპერტთა ნაწილი ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯად აფასებს.

ისინი მიიჩნევენ, რომ რკინიგზის ყიდვის სურვილს მხოლოდ რუსეთი გამოთქვამს, რაც ქვეყნისთვის სახიფათო იქნება.

ხათუნა ლაგაზიძე რკინიგზის პრივატიზაციას კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხის წამოწევას უკავშირებს.

„ჩემის აზრით, ეს არის ერთი ჯაჭვის რგოლები იმიტომ, რომ, დიდი ალბათობით, რკინიგზის 25%-ის მყიდველი უნდა იყოს სწორედ რუსეთი. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ვთქვათ დასავლეთის რომელიმე ქვეყანა ყიდულობს ამ ობიექტის წილს, მაშინ საუბარი აფხაზეთის ობიექტის აღდგენაზე, ბუნებრივია, ვეღარ დაიწყება,“ – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

სოსო ცისკარიშვილის თქმით კი, „ფოთის პორტის ნაწილი უკვე „როსნეფტის“ საკუთრებაა. როდემდე უნდა ვიყოთ ასე ბუჩქებში თავჩარგულნი. როგორ შეიძლება ამ პერიოდში, ასეთი საფრთხეების პირობებში ამ ობიექტის გაყიდვაზე ვიფიქროთ. რასაკვირველია, საუკეთესო ფასს რუსული კომპანია შემოგვთავაზებს. იგივე რუსული რკინიგზა. თუ ასეთი ბეცები ვართ, რომ ასეთ შემთხვევაშიც ვთქვათ რომ ფულს ეროვნული წარმოშობა არა აქვს, მაშინ სჯობს, დროულად გადადგნენ ყველანი, ვინც ასე ფიქრობს“.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება
შემდეგი სტატიაუკრაინამ რიგი ქვეყნებიდან ლეტალური იარაღის მიღება უკვე დაიწყო