საქართველოს პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას ტოომას ჰენდრიკ ილვესს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს და ესტონეთის დელეგაციებმა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ესტონეთის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივას.

პრეზიდენტებმა ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს.

“ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ტომაას ჰენდრიკ ილვესს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გაწეული თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმ თანადგომას, რომელიც ესტონეთმა, 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს, საქართველოსადმი გამოიჩინა”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებიც განიხილეს. საუბარი შეეხო იმ საერთო ძალისხმევას, რომელმაც ევროინტეგრაციის სიკეთეები, ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეებისათვის უფრო თვალსაჩინოდ უნდა აქციოს.

“საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განმარტავენ პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა